მილიონერ უგულავას პირველი ცოლი ქმარზე, მის ყოფილ ცოლებზე, საყვარლებსა და ბიზნესზე - "პირველად ვსაუბრობ ამაზე თქვენთან"

მილიონერ უგულავას პირველი ცოლი ქმარზე, მის ყოფილ ცოლებზე, საყვარლებსა და ბიზნესზე - "პირველად ვსაუბრობ ამაზე თქვენთან"

ბიზნესმენი თემურ უგულავა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც მისი კომპანია "აჭარაბეთი" 80 მილიონით დაჯარიმდა. თუმცა, ფინანსური სკანდალი მალე პერსონალურ სკანდალში გადაიზარდა, როცა პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზვიად ჯანყარაშვილმა და ლექსო თამაზაშვილმა ბიზნესმენ თემურ უგულავასგან 75 მილიონის გამოძალვა სცადეს [მეტი]. აღნიშნული ინფორმაცია უარყო თამაზაშვილმა [მეტი], თემის შესახებ თემურ უგულავას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

თემურ უგულავა პირველ ქორწინებაში იმყოფებოდა თეო ფერაძესთან, რომელიც ამჟამად, მეუღლის მსგავსად, ბიზნესს ფლობს. ბიზნესმენ თემურ უგულავას პირველი ცოლი ჩვენი რესპოდენტია.

- როდის დაოჯახდით თქვენ და თემურ უგულავა?

- მე და თემური ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, ჩვენი ოჯახები ახლობლობდნენ, მე 22 წლის ვიყავი, თემური კი 24 წლის როცა დავქორწინდით. ის ჩემი ძმის მეგობარი იყო, ნუცუბიძეზე გამორჩეული ბიჭები იყვნენ, მაგრამ თემური ყოველთვის გამორჩეული იყო ლიდერის თვისებით და კრეატიული აზროვნებით. ახლა კი გიჟდებიან ქალები თემურიზე და მას მილიონების გამო დასდევენ, ვხუმრობ ( იცინის ), მაგრამ მაშინ ფული არ ჰქონდა. მე ძალიან ტრადიციული ოჯახიდან ვარ. ის სიმპატიური, მამაკაცური, კეთილშობილი ბიჭი იყო და ამის გამო შემიყვარდა. ვმეგობრობდით და მესამე თვალმა შეამჩნია, რომ ერთმანეთი მოგვწონდა. ჩვენი მეგობრის დედამ თქვა, მგონი აქ რაღაც ხდებაო, მაგრამ შემდეგ ისე წავიდა ურთიერთობა, ჩვენც მივხვდით, რომ ერთმანეთი მოგვწონდა და სიყვარულში გამოვუტყდით ერთმანეთს. ერთ-ერთი შეხვედრისას მითხრა, მიყვარხარო და მეც იგივე ვუპასუხე. ეს ისეთი ძლიერი გრძნობა იყო, ქორწინებით უნდა დაგვირგვინებულიყო. მაშინ მამაჩემი მოსკოვში ცხოვრობდა, მე ხან იქ მიწევდა ცხოვრება, ხან საქართველოში და თემური კი მელოდებოდა. სამი წლის თავზე დავქორწინდით.

- როგორი ქმარი იყო?

- თემური იყო ძალიან კარგი ქმარი, კარგი ოჯახი გვქონდა, გვიყვარდა ერთმანეთი. შემდეგ შვილი გაგვიჩნდა - მისი ერთადერთი ქალიშვილი. გაგიჟებული მამა იყო. როცა ორსულად ვიყავი, მაშინ განსაკუთრებით მოაწვა ბიზნესის კეთების სურვილი. ღამეებს ათენებდა, ბიზნეს იდეებზე ფიქრობდა.

მისი პირველი ბიზნესი იყო კაზინო "აჭარა". კაზინოში ღამით არის მუშაობა, ფაქტიურად არ მეძინა, მისი რეჟიმით ვცხოვრობდი, რომ მოდიოდა, უნდა დავხვედროდი. მაშინდელი ღამეების თენება, შემდეგ საკუთარ ბიზნესში ძალიან გამომადგა. ის მუდმივად რაღაცის შექმნაზეა ორიენტირებული, კაზინო და ჩვენი ქალიშვილი ნუცა ტოლები არიან. თემური ხუმრობდა ხოლმე იმ დროს: ამ ქვეყნად მხოლოდ კაზინო, ნუცა და შენ გამაჩნიხართო. თუმცა ახლა ბევრი ბიზნესი, ბევრი ყოფილი ცოლი და ბევრი შვილი ჰყავს (იცინის).

- რატომ გაშორდით?

- როცა მეორე შვილი გაჩნდა, შემდეგ დავშორდით. თემური უკვე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიონერი ბიზნესმენი იყო, გავფართოვდით, სახლი ვიყიდეთ, მოაწვა მილიონები, პატარა ბიჭს მხოლოდ ოჯახი აღარ აკმაყოფილებდა და მაშინ დაიწყო მის ცხოვრებაში ქალების გამოჩენა. ეტყობა, მეც მოვადუნე ყურადღება, ის ფეხზე მყარად იდგა, მე ბავშვების აღზრდით ვიყავი დაკავებული. კონტროლი დავკარგე მე თემურიზე, მან კი საკუთარ თავზე. ფუფუნებამ, სიმდიდრემ, მოზღვავებულმა კონკურენციამ იმოქმედა ჩვენს ურთიერთობაზე, ქალები ნადირობდნენ მასზე. სხვათა შორის, დღემდე სასურველი სამიზნეა ქალაქში და დავშორდით. მან მიიღო სახლიდან წასვლის გადაწყვეტილება. არასდროს მიფიქრია და მითქვამს, რომ ქმარი წამართვეს... ყოველთვის ჩემს ქმართან მქონდა პრეტენზია, რომელსაც მოუნდა წასვლა და წავიდა (მაგრამ მე რომ ნოლიდან მომიწიოს ცხოვრების დაწყება, ყველა საქმის გამკეთებელი ვარ, მხოლოდ ერთადერთის გარდა: სხეულით ვაჭრობას ვერ შევძლებდი და სხვისი ქმრის მილიონებისკენ ვერ გავიხედავდი). ჩვენს შორის რაღაც ბზარები რომ არ გაჩენილიყო, ის არ წავიდოდა. თვითონ მოუნდა სხვა ქალი და მეც გავუშვი.

- ცნობილია, რომ მძიმე და ხანგრძლივი დეპრესია გადაიტანეთ ოჯახის დანგრევის გამო, რა დაგეხმარათ ამ სირთულის დაძლევაში?

- შვილები. ძალიან განვიცადე. ორი წელი ლოგინში ვიწექი, ერთი იყო ის, რომ საყვარელი ადამიანი დავკარგე, მეორე ორი შვილით დავრჩი მარტო. მატერიალურად კი მეხმარებოდა, მაგრამ რაც მოხდა, ამან დაღი დამასვა. იყო შერიგების მცდელობა, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა. ბევრ ქალს აქვს გადატანილი ეს ტკივილი, ტრადიციული ოჯახის შვილი ვარ და ტრაგიკულად გადავიტანე ოჯახის დანგრევა. ძლიერი პიროვნება აღმოვჩნდი და ალბათ ამან გადამატანინა ყველაფერი. ორი წლის შემდეგ მე თვითონ დავიწყე ზრუნვა იმაზე, რომ საკუთარი თავისთვის, შვილებისთვის და ახლობლებისთვის დამემტკიცებინა, რომ შემეძლო საკუთარი თავის რეალიზება. წავედი ლონდონში, ბავშვები წავიყვანე სასწავლებლად და ის დრო, რომელიც დავკარგე, სწავლისთვის გამოვიყენე. შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და დავიწყე ბიზნესის კეთება. ქალისთვის ბიზნესის კეთება, მით უმეტეს საქართველოში, რთულია. წამოვიწყე ოჯახური ბიზნესი, გავაკეთეთ კლუბი "Night Office"-ი. წარმატებული ბიზნესი იყო, მაგრამ ამაზე არ გავჩერდი, შემდეგ მეგობართან ერთად გავხსენი "მისონი ჰოუმი", ბრენდის შემოტანა მინდოდა, ბევრს ვმოგზაურობდი, მინდოდა რაღაცები საქართველოშიც ყოფილიყო. შემდეგ ისევ ქლაბინგს დავუბრუნდი, ვამატებდი და ვამატებდი ბიზნესს ერთმანეთს. გავაკეთე "Soho Lounge"-ი ბათუმის ბულვარში მეგობრებთან ერთად. კაცისთვის ადვილია საქმეს მიუძღვნას თავი, მაგრამ ქალისთვის, მით უმეტეს მარტოხელა დედისთვის, რთულია, - ოჯახისთვისაც უნდა მომევლო და საქმისთვის. ამიტომაც ყოველთვის პარტნიორებთან ერთად ვიწყებდი ბიზნესს. შემდეგ გავაკეთე აუტიზმის სპექტრის ბავშვების ასოციაცია, ხშირად დავდივარ ლონდონში, მინდოდა აქაც იგივე პირობებში ეცხოვრათ და ესწავლათ აუტისტს ბავშვებს, როგორც ლონდონში. შევთავაზე პროექტი ინგლისელებს და დავიწყე ამის გაკეთება. მაშინდელ მთავრობასაც მოეწონა ეს იდეა, სათვისტომომ შეგვიწყო ხელი. ინგლისელი სპეციალისტები ჩამოგვყავდა და ქართველ პედაგოგებს უტარდებოდათ ტრენინგები. იდეა და ორგანიზაციულ საკითხებს მე ვაგვარებდი. ახლა პროექტი შეჩერებულია. დაფინანსება ბრიტანული ფონდებიდან მოდიოდა.

- ყოფილი მეუღლე გეხმარებოდათ ბიზნესის დაწყებაში?

- პირველ და მეორე ბიზნესში თემურმა ჩამიდო ინვესტიცია...

- აქამდე რატომ არ ჩნდებოდით საჯაროდ?

- საერთოდ, არ მიყვარს ამ თემით აფიშირება, რომ ცნობილი ბიზნესმენის ცოლი ვიყავი. პირველად ვსაუბრობ ამაზე თქვენთან. ჩემი მეუღლე შემდეგ გახდა ცნობილი ბიზნესმენი. ის არის ჩემი შვილების მამა, ამ მხრივ გამოჩენა არასდროს მიყვარდა, როგორც თეო ფერაძე ვისაც დავაინტერესე, ყველა მიცნობს. არ მქონია ინტერესი, პოპულარული ვყოფილიყავი. შვილებზე და საქმეზე ვფქრობდი სულ. ის ტკივილი რომ არ გადამეტანა, შეიძლება ძლიერი ქალი და პიროვნება არც გავმხდარიყავი (თუნდაც პოტენციალი დებულიყო ჩემში ამის), ხშირად მიფიქრია ამაზე და შეიძლება, ამიტომაც გავხდი ასეთი წარმატებული საქმეში.

- რატომ აღარ გათხოვდით თემურ უგულავასთან დაშორების შემდეგ?

- 14 წელია რაც დავშორდით. რატომღაც ასე მოხდა...

- თემურ უგულავას სასიყვარულო ისტორიების შესახებ ბევრი ჭორი დადის, ამბობენ, რომ ის ძვირადღირებული საჩუქრებით, სახლებით, ავტომობილებით ანებივრებს საყვარელ ქალებს, რა რეაქცია გაქვთ ამ ამბებზე?

- ამ ყველაფერს ჩვეულებრივად ვუყურებ, ის შვილებს ყველაფერს უკეთებს, ვინ ქალს რას გაუკეთებს, ჩემი საქმე აღარ არის. პირველი სიყვარული ვიყავი მე მისთვის და ის ჩემთვის. ოჯახი გვქონდა, თან მის მილიონებს არ გავყოლილვარ ცოლად. ჩვეულებრივი პატარა, სიმპატიური ბიჭი იყო, როცა შემიყვარდა. სად დახარჯავს და ვის დაახარჯავს, ეს ჩემი საქმე აღარ არის.

- ბავშვები საქართველოში ცხოვრობენ?

- 12 წლის როცა გახდნენ, სასწავლებლად გავუშვით ნიუ-იორკში. ახლა 17-ს და 13 წლის არიან.

- ურთიერთობა გაქვთ ყოფილი მეუღლის ყოფილ ცოლებთან და შვილებთან?

- მაქვს ურთიერთობა თემურის ყოფილ ცოლებთანაც, ერთ წრეში ვტრიალებთ, საერთო სამეგობრო გვყავს. ჩემი განსასჯელი არ არის არავის ცხოვრება და საქციელი.

იხილეთ ფოტოგალერეა

AMBEBI.GE

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი