ადვოკატი - პროკურატურამ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე შალვა ჯანაშვილი უნდა დაკითხოს

ადვოკატი - პროკურატურამ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე შალვა ჯანაშვილი უნდა დაკითხოს

ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე შალვა ჯანაშვილი უნდა დაკითხოს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, შალვა ჯანაშვილის გარდა, უნდა დაიკითხოს ყველა ის პირი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად იყო დაკავშირებული ამ საქმესთან, მათ შორის პროკურატურის მოქმედი თანამშრომლები.

"ბატონ იურის ყველა მათგანთან ჰქონდა შეკითხვები, მათ შორის ჯანაშვილთან. ყველამ იცოდა, რომ სპეცოპერაციის ადგილზე გამოსული ადამიანები თვითონ ვერ ღებულობდნენ გადაწყვეტილებას და ელოდებოდნენ ბრძანებას. ბატონ იურის უნდოდა გაეგო, ვის ბრძანებას ასრულებდნენ ეს ადამიანები და სად დაიგეგმა სპეცოპერაცია", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

მისი თქმით, მაშინდელ მაღალი რანგის თანამდებობის პირებს უტყუარად ექნებათ ინფორმაცია სპეცოპერაციის შესახებ.

"მასშტაბური სპეცოპერაცია იყო და ბუნებრივია, ეს, ერთი და ორი ადამიანის გადაწყვეტილი ნამდვილად არ იყო. ყველა უნდა დაიკითხოს და პროკურატურა იმოქმედებს იმის მიხედვით, თუ რა გამოიკვეთება დაკითხვების შემდეგ", - განაცხადა ჭკადუამ.

ადვოკატის თქმით, ჯანაშვილის გარდა, ამ საქმეში არის საინტერესო პერსონები. "გვარებს შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან შესაძლოა ეს ადამიანები ბრალდების მხარეს უკვე დაკითხული ჰყავს, მაგრამ არ ფიგურირებენ დაკავებულთა შორის და თუ მათ ითანამშრომლეს, შესაძლოა, დასახელებით საფრთხე შევუქმნა მათ უსაფრთოებას. ეს ეხება არა მხოლოდ შსს-ს თანამშრომლებს, არამედ პროკურატურის თანამშრომლებს, მათ შორის მოქმედსაც", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას დაკავებამდე რამდენიმე ხნით ადრე, დაუსვეს კითხვა, თუ ვისი ბრძანებით მოხდა სპეცდანიშნულების რაზმის გამოყვანა. მისი განმარტებით, როგორც წესი, სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყვანა მათი კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანების საფუძველზე ხდება, ეს პოსტი კი მაშინ შალვა ჯანაშვილს ეკავა.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე პროკურატურამ გახსნილად გუშინ გამოაცხადა. 11 პირი დააკავეს, ხოლო ერთს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

დაკავებულები არიან: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე.

ხოლო ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ.

დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობის, მისი ორგანიზებისა და მტკიცებულებების ფალსიფიცირების მუხლების წარუდგინეს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის "ა", "ზ" და "თ" ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ