ანდაზა გვასწავლის: "ეჭვი უკუნი ღამეაო". იგულისხმება ცუდი ეჭვი, შეურიგებელი წინააღმდეგობა, რომელიც ადამიანის სულში წარმოიშობა. მას მოჰყვება აბსურდიზმი, ნიჰილიზმი, რომლის არსიც ნიცშემ ასე გადმოსცა: "რას ნიშნავს ნიჰილიზმი? - იმას, რომ უმაღლესი ფასეულობები კარგავენ თავიანთ ღრებულებას. მიზანი არ არსებობს, არ არსებობს პასუხი კითხვაზე: "რატომ?" ყველაფერი საეჭვო და უაზრო ხდება: აზრიცა და ცხოვრებაც. ადამიანი ღმერთისგან აღარ ღებულობს პასუხს, ამიტომ ბევრი კითხვა უპასუხოდ რჩება. იგი იმედწართმეული და გზააბნეულია. არ იცის: სად არის, ვინ არის, რა ეძებოს, სად ეძებოს... აბსურდულ სამყაროში კი არც სიმართლე არსებობს და არც ტყუილი, არც უდანაშაულო და არც დამნაშავე, რადგანაც საზოგადოდ აღიარებული ორიენტირები დაკარგულია. სერაფიმ როუზი წერს: "აბსურდიზმი თავისი არსით ჩვენს სულებში ჯოჯოხეთის შემოჭრას ნიშნავს".
ეჭვის დადებით და უარყოფით მხარეებსა და მის გამოვლინებებზე ლიტერატურაში გვესაუბრება ამერიკული აკადემიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, მედიაველისტიკის დოქტორი ლევან გიგინეიშვილი.
- შინაგან ძიებას, ეჭვს ადამიანი ზოგჯერ ჭეშმარიტებამდე მიჰყავს...
- საზოგადოებაში ისეთი შეხედულებებიც არსებობს, რომლებიც თრგუნავს პიროვნებას, ბოროტებისკენ უბიძგებს მას.
არტურ კესტლერის ნაწარმოებში "წყვდიადი შუადღისას" ასეთი ამბავია მოთხრობილი: ერთ-ერთი პერსონაჟი მარქსისტულ-რევოლუციურ წრეში მოხვდება. აქ ყველა მოვლენას შესაბამისი იდეოლოგიური თვალთახედვით აღიქვამენ. ეს ადამიანი ეჭვს შეიტანს ამ იდეოლოგიის სისწორეში და საბოლოოდ განთავისუფლდება კიდეც მისი მარწუხებისაგან. მას ჭეშმარიტებით აღძრული ეჭვი შეიპყრობს და უკვე აღარ აკმაყოფილებს თავსმოხვეული შეხედულებები, პროტესტის გრძნობა უჩნდება და ამ გრძნობას გასაქანს აძლევს.
ჯორჯ ორუელის რომანში "1984" სიუჟეტი ასე ვითარდება: ტოტალიტარული რეჟიმია. ყველაფერს მმართველი პარტია განსაზღვრავს. ყველგან ვიდეოკამერაა დაყენებული და თითოეული ადამიანის მოქმედებას აკონტროლებენ. ემოციები და მიმიკებიც კი ამ კამერას უნდა მიუსადაგონ. საგნებსა და მოვლენებს მცდარი, საპირისპირო სახელები ჰქვია: ომს მშვიდობას ეძახიან, სიყვარულს - სიძულვილს... ცნებითი აღრევა ხდება. ერთ-ერთ გმირს ეჭვი უჩნდება. იგი ობიექტურ სიმართლეს ეძებს. ეს სახიფათო სიმართლეა. ძალაუფლების სტრუქტურები თრგუნავენ ეჭვს, რომელმაც შესაძლოა მათ იდეოლოგიას საყრდენი გამოაცალოს. ორუელის მოთხრობაში ამ სისტემის მოწინააღმდეგეს წიხლავენ. ტანჯვის ისეთ საშინელ ფორმას მოიგონებენ, რომ ამ ადამიანს სულიერად გატეხენ და დაიმორჩილებენ. ფაქტობრივად, კლავენ - ოღონდ ფიზიკურად კი არა, სულიერად. მას პერსპექტივას უკლავენ და ისიც თავისი მრწამსის შესაბამისად ვეღარ ცხოვრობს...
ტოტალიტარულ რეჟიმებს და ამ რეჟიმის გამტარებელ ადამიანებს ეჭვის ეშინიათ. არქიფო სეთური ("დათა თუთაშხია") თავისუფალ აზრს ებრძვის, გულუბრყვილო ბავშვებივით მართავს ადამიანებს. მაგრამ გულუბრყვილობა ხომ იმას სულაც არ ნიშნავს, უმეცარი იყო, არ განსაჯო და არ გამოიძიო, რა არის ჭეშმარიტი სიკეთე და რა - ბოროტება. ეს არ არის ქრისტიანობა. მაცხოვარი ამბობს: "იყავით უმანკონი, ვითარცა მტრედნი და გონიერნი, ვითარცა გველნი". თვით სახარება მოგვიწოდებს, გვქონდეს ჭეშმარიტებით აღძრული ეჭვი. მაცხოვარი მოწაფეებს აფრთხილებს: კარგად დააკვირდით, სინათლე, რომელიც თქვენშია, სიბნელე ხომ არ არისო - ის შეხედულებები, რომლებიც ნათელი გგონიათ, შესაძლოა, ბნელი აღმოჩნდესო. ერთი ფილოსოფოსი ამბობს: დაბნელებულ გონებაზე უფრო დიდი ბოროტება ცრუ სიმართლით დაბრმავებული გონებააო. წმინდა წერილიც ხომ გვასწავლის: "გზანი უგუნურთანი მართლიად ჩანედ წინაშე მათსა" (იგავი 12,15). ბიბლია მოგვიწოდებს, ღრმად ჩავიხედოთ საკუთარ სულში და გამოვიძიოთ: რისა გვწამს, როგორ გვწამს, რა აზრები გვამოძრავებს, რამდენად გულწრფელია ჩვენი რწმენა ან ხომ არ ვაწებებთ სარწმუნოებას მისი ბუნებისთვის უცხო ელემენტებს, რასაც მცდარი გზით მივყავართ...
აკაკი წერს: "უმეცრებისთვის ამაოდ-მორწმუნეობა სარწმუნოებისა და სჯულის ცალია, მაგრამ უფრო სახელდახელო და ამიტომაც აღმსარებელიც მეტი ჰყავსო" ("ბოდვა").
- ჭეშმარიტებით აღძრული ეჭვი ცრუ შეხედულებებისგან განთავისუფლებაში ეხმარება ადამიანს. ზოგჯერ ეს დიდ მსხვერპლს მოითხოვს...
- ვაჟა-ფშაველას პოემები სულ ამაზეა აგებული. "ალუდა ქეთელაურში" რელიგიურ განწყობილებას ეწებება ის, რაც სულაც არ არის რელიგიური. რა კავშირი აქვს ხელის მოჭრას სარწმუნოებასთან? მაგრამ ეს მენტალიტეტი ამ ხალხში ისეა გამჯდარი, მტერს მარჯვენას თუ არ მოსჭრი, ღვთიური კანონის დამრღვევად შეგრაცხავენ. ალუდა ამ საზოგადოების წევრია, მაგრამ მას თანდათან უჩნდება და უღვივდება ეჭვი და ამ ეჭვს საზოგადოებასთან ტრაგიკულ დაპირისპირებამდე მიჰყავს. "სტუმარ-მასპინძელში" აღაზა ხევსურს დაიტირებს. გამუდმებით აწამებს ეჭვი - იქნებ არასწორად ვიქცევიო? იგი თემის შეხედულებებს უპირისპირდება. თითქოს ბუნებაც კი უჯანყდება. მაგრამ მაინც მიჰყვება თავის ეჭვს, გულისთქმას და სრულიად ახალ სამყაროს, ახალ რეალობას ბადებს. ეს ეჭვი სწორედ ჭეშმარიტებით აღძრული ეჭვია. ჭეშმარიტება მეტად სუბიექტურია იმ გაგებით, რომ ადამიანმა თვითონვე უნდა აღმოაჩინოს პირადი ძიებით, დაფიქრებით, შინაგანი მუშაობით. სწორედ ამ შემთხვევაში გახდება ის პირადად მისი და არა გარედან თავსმოხვეული. ილიას სიტყვებით, მართალი ის კი არ არის, ვინც სიმართლეს ამბობს, არამედ ის, ვინც იმას ამბობს, რაც სწამს, რომ სიმართლეაო. ცხადია, ეს იმას არ გულისხმობს, რომ ჭეშმარიტება ფარდობითია, არამედ იმას, რომ აბსოლუტიც, ობიექტურიც პიროვნებამ თვითონ უნდა აღმოაჩინოს. ეს ადამიანები შინაგანად სწვდებიან ისეთ რამეს, რაც ობიექტურია და რაც საზოგადოებას ჯერ არ შეუცნია.