ალბათ რთულია, იპოვო ისეთი ადამიანი, რომელსაც ''ცისფერი მთები'' რამდენჯერმე არ უნახავს და ფრაზები ზეპირად არ იცის. რეჟისორ ელდარ შენგელაიასთვის, თავის ათამდე ნამუშევარს შორის, ერთ-ერთი ძვირფასი ფილმია და ხშირად აღნიშნავს: ''არის ოთხი ფილმი, რომელშიც არაფერს შევცვლიდი და ხელს არ ვახლებდი. ესენია: ''არაჩვეულებრივი გამოფენა'', ''შერეკილები'', ''სამანიშვილის დედინაცვალი'' და ''ცისფერი მთები''...
''ცისფერი მთები'' 1983 წელს რეზო ჭეიშვილისა და ელდარ შენგელაიას სცენარის მიხედვით საბჭოთა ცენზურის პირობებში შეიქმნა. რეჟისორი თავისი ფილმების სცენარებს ყოველთვის მწერალთან ერთად წერდა. ამ მხრივ გამონაკლისია სცენარი ფილმისთვის ''მიქელა'', დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, რომელზეც მხოლოდ თვითონ იმუშავა. სხვა შემთხვევაში მწერალი და ის ერთად მუშაობდნენ, მაგრამ ელდარ შენგელაია სცენარის ავტორად თავს არ ასახელებს, არც ტიტრებში მიუთითებს თავის გვარს.
''ცისფერი მთები'' აბსურდული კომედიაა, სადაც გაუთავებლად მეორდება ერთი და იგივე. ამ ხერხით რეჟისორი შეეცადა გადმოეცა საბჭოთა ეპოქის ყოფა და იგავ-არაკის ენით სურდა აეხსნა, რომ უძრავი საზოგადოება დასანგრევადაა განწირული.
ახალგაზრდა მწერალი რედაქციაში მიდის და მოთხრობა მიაქვს. მისი განხილვის მოლოდინში დრო საოცრად იწელება. მოთხრობას არავინ კითხულობს, ახალგაზრდა შემოქმედი კი იმედს მაინც არ კარგავს - იმ დროშიც კი, როცა შემოდგომას ზამთარი ცვლის, ზამთარს ბუნების გამოღვიძება მოსდევს და წელიწადის ყველაზე ცხელი პერიოდიც დგება. ფანჯარა, რომლის საშუალებითაც ფილმში წელიწადის დროთა ცვლილებაა ნაჩვენები, ''ვორონცოვის'' მოედანზე ერთ-ერთი სახლის სახურავზე იყო მოწყობილი.
იხილეთ გაგრძელება