ფსიქოლოგები გვირჩევენ: "ბავშვის ფსიქიკისა და გემოვნების ჩამოყალიბებაში მულტიპლიკაციური ფილმები დიდ როლს თამაშობს. ამიტომ, მშობლებო, ყურადღება მიაქციეთ, რას უყურებს თქვენი შვილი - კეთილ პერსონაჟებსა და ფერად სიუჟეტებს თუ კარგად "შეფუთულ", ძალადობის ამსახველ ანიმაციურ კადრებს, რომელიც გაუცნობიერებლად პატარის გონებაში ილექება. ბავშვების სწორად განვითარებაზე გავლენას ანიმაციური ფილმების კეთილი პერსონაჟების მოტივებზე შექმნილი სათამაშოებიც ახდენენ".
სხვათა შორის, "ბიბლუსის" მაღაზიებში ყველა თაობისთვის საყვარელი მულტფილმის "თოვლის გუნდას" კეთილი პერსონაჟი, ბალიში-თოჯინა მალე გაიყიდება, რომელიც "გუდა-გუდას" სიმღერასაც შეგისრულებთ...
როგორ იქმნებოდა საქართველოში ანიმაციური ფილმები, "კვირის პალიტრასთან" ანიმატორი დავით სიხარულიძე საუბრობს:
- 21 წლის ვიყავი, სამხატვრო აკადემია რომ დავამთავრე და თეატრალურ უნივერსიტეტში ანიმაციის რეჟისურაზე ჩავაბარე. ვფიქრობდი, ანიმაციით დავიწყებ და მერე მხატვრულ ფილმზე გადავალ-მეთქი, მაგრამ ანიმაციამ ისე გამიტაცა, მივხვდი, ეს ჩემი საქმე იყო. იმ პერიოდში მთელ მსოფლიოში საინტერესო ანიმაციური ნამუშევრები იქმნებოდა, რისი ჩვენებაც საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო. მხოლოდ დისნეის მულტფილმების ნაწყვეტებს და რუსულ მულტფილმებს აჩვენებდნენ. სხვათა შორის, რუსული ანიმაციური სკოლა საკმაოდ ძლიერი იყო - ხელოვნების ნიმუშებს ქმნიდნენ, მხოლოდ„"აბა, დამაცადესა" და "ზოლუშკას" არ ვგულისხმობ... მეორე კურსზე ვიყავი, როცა მოსკოვში "გოსფილმ ფონდში" დახურულ კინოჩვენებებზე შესვლის უფლება მოგვცეს - ამერიკულ, კანადურ და ევროპულ ანიმაციას გვაჩვენებდნენ. ამ ფილმებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
- თქვენი ავტორობით პირველი ანიმაციური ფილმიც დასავლეთის გავლენით გადაიღეთ?
- ასე გამოდის. სადიპლომო ნამუშევრის შემდეგ დათო თაყაიშვილთან ერთად ანიმაციური ფილმი "ჭირი" შევქმენით, რომლის სცენარის ავტორი და დამდგმელი მხატვარი თავად გახლდით. "ჭირზე" მუშაობისას "გოსფილმიდან" დაგვირეკეს, ეს ანტისაბჭოთა ფილმია, რად გინდათ, დებიუტით მომავალს რატომ იფუჭებთო, თუმცა, კანის 37-ე საერთაშორისო ფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში, პატარა "პალმის რტო" ავიღეთ. ზოგი ჭირი მარგებელი აღმოჩნდა... ამ დროს ჩვენ თბილისში ვიყავით და ვქეიფობდით. მახსოვს, დირექტორი, ბატონი გურამ ბეგიაშვილი, შემოვიდა, ბიჭებო, უნდა მოგილოცოთ, კანის ფესტივალზე პატარა "პალმის რტო" აიღეთო. გავეხუმრეთ, პატარა კი არა, დიდი პალმა გვინდა-მეთქი. ამ წარმატებისთანავე საბჭოთა კავშირის კინემატოგრაფისტთა კავშირში მიგვიღეს.