"ვაზაგაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჭიკაიძემ დამიბარა..." - ექსკლუზიური ინტერვიუ ოთარ მირზოევთან

"ვაზაგაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჭიკაიძემ დამიბარა..." - ექსკლუზიური ინტერვიუ ოთარ მირზოევთან

კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოთარ მირზოევმა თანამდებობა დატოვა. მისი გადაწყვეტილება ვაზაგაშვილების საქმეს უკავშირდება. 20 იანვარს სოფელ ყარაფილაში შვილის საფლავზე მოკლული იური ვაზაგაშვილი ოთარ მირზოევსა და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებს შვილის - 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩაცხრილული ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში ადანაშაულებდა და მათ დასჯას მოითხოვდა." გთავაზობთ შემოკლებულ ვერსიას ექსკლუზიური ინტერვიუდან, რომელიც ოთარ მირზოევმა "კვირის პალიტრას” მისცა:

- იური ვაზაგაშვილი წერდა, რომ მის შვილს თქვენ დაახალეთ პირველი ტყვია.

- ერთი ტყვიაც არ მისვრია, შვილების სიცოცხლეს ვფიცავ. ვაზაგაშვილების გულისთვის შვილებს არ დავიფიცებ...

- აბა, იქ რისთვის იყავით, რა გევალებოდათ?

- მე ჩემი ხელმძღვანელების ბრძანებას ვასრულებდი - შემთხვევის ადგილს ვიცავდი.

- იური ვაზაგაშვილის მკვლელობის რა ვერსია გაქვთ?

- შეფასებისგან თავს შევიკავებ. როცა ეს მოხდა, იმ დღეს სამსახურიდან, შენობიდან არ გავსულვარ. ისიც კი არ ვიცოდი, რომ ზურა ვაზაგაშვილი

კასპში იყო დასაფლავებული. ვნანობ, სანამ იური ვაზაგაშვილი დაიღუპებოდა, მანამდე რატომ არ წავედი თანამდებობიდან. სალაპარაკო არ გახდებოდა, რომ მაღალ თანამდებობაზე ვიყავი.

- თქვენს დაკავებას გამორიცხავთ?

- არსად მივდივარ. თუ საჭიროდ ჩათვლიან და დანაშაულს დამიმტკიცებენ, დამაკავონ. მე ის ვიცი, რომ არაფერი დამიშავებია.

- მას შემდეგ, რაც იური ვაზაგაშვილი კორტების საქმეზე ალექსანდრე ჭიკაიძეს შეხვდა, თუ გქონდათ მინისტრთან საუბარი?

- დამიბარა და მკითხა, რა ხდება, არ მომატყუოო. მეც ვუთხარი ყველაფერი. მინისტრს სამსახურიდან წასვლაც შევთავაზე, ტვირთად არ დაგაწვებით, ვინმემ რომ არ გისაყვედუროთ, წავალ-მეთქი. მითხრა, თუ ისეა, როგორც ამბობ, მაშინ გამოძიებას დაველოდოთო.

ჭიკაიძე თავმოყვარე კაცია და თანამდებობიდან წასვლით სწორი ნაბიჯი გადადგა. ნეტავ მაგისთანა წესიერი ადამიანი ბევრი იყოს. ხუხაშვილზე ცოტა მაღალი წარმოდგენა მქონდა, მაგრამ მას მერე, რაც თქვა, თურმე მირზოევი იყო მინისტრი და ის მართავდა შსს-ს და არა ჭიკაიძეო, რაღა უნდა ველაპარაკო? იმედი მაქვს, რომ მამა-შვილის საქმე გაიხსნება. ბევრჯერ მიფიქრია ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე, რომ სიმართლე მეთქვა, მაგრამ კოლეგები იკავებდნენ თავს, მეუბნებოდნენ, არ შეიძლება, ჩვენგან არ გამოვაო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა