თვეზე მეტია, საქართველოში წმინდა სერაფიმე საროველის სამშობლოდან - კურსკის ოლქის ჟელეზნოგორსკის ეპარქიიდან ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის "მოალერსეს" მირონმდინარე და სასწაულმოქმედი ასლი მოგზაურობს, რომელიც ყაზბეგის გავლით სამშობლოსკენ უკვე წააბრძანეს. ამის თაობაზე "კვირის პალიტრა" უკვე წერდა. რამდენიმე დღის წინ ხატის მცველი, ეპისკოპოსის თანაშემწე იური (გიორგი) შიშკოვი დამიკავშირდა და ერთი ქალბატონის ნომერი ჩამაწერინა, იქნებ დაუკავშირდეთ, მგონი, ხატთან ლოცვის შემდეგ მისი ოჯახის წევრი განიკურნაო. მეც დავრეკე იმ ნომერზე და გაირკვა, რომ ის გორში მცხოვრებ ქალბატონ ბელას ეკუთვნოდა, სასწაული კი მის შვილიშვილს - 9 წლის ანას შეემთხვა. ეს ამბავი დაწვრილებით პატარა ანას დედამ, ნატალია წიწიკაშვილმა მომითხრო:
- სიმღერის გაკვეთილიდან შინ ვბრუნდებოდით, რომ უცებ ჩემი 9 წლის გოგონა მოწყდა და ჩაიკეცა. ვეღარც დადიოდა და გულიც მისდიოდა. მაშინვე სასწრაფო გამოვიძახეთ და გორის საავადმყოფოში წაგვიყვანეს. ბავშვი ფეხს ვერ ადგამდა, ვერ დადიოდა. ექიმებმა იქვე რაღაც მედიკამენტები - მილდრონატი და სხვა აბები დაალევინეს და ანამაც გაჭირვებით გაიარა. თუმცა ფეხებიც სტკიოდა და ძალიან წუხდა. ერთი კვირის განმავლობაში გამოკვლევაც ჩავუტარეთ, ვმკურნალობდით გორში, მაგრამ - უშედეგოდ.
როცა დიდი განსაცდელი გვაქვს, 12 სახარების სანთელს ვანთებ ხოლმე, ახლაც დავანთე, ყველანი ვლოცულობდით ოჯახში, ბავშვი ზედიზედ რამდენჯერმე ვაზიარეთ და 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას ნევროპათოლოგთანაც მივიყვანე. ნევროპათოლოგმა რომ გასინჯა, ბავშვს მუხლებში რეფლექსი არ ჰქონდა. გვითხრა, რაღაც ნეიროვირუსია და სასწრაფოდ თბილისში წაიყვანეთ, რადგან იქ აქვთ ინიექცია, ბავშვს ამ მდგომარეობიდან რომ გამოიყვანსო.