თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი გასაუბრების დროს ფარული ჩანაწერის გაკეთებისთვის დააკავეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" დამფუძნებელმა ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა.
მისი განმარტებით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი კახა ბუსკივაძე დღეს გასაუბრებას გადიოდა და ამ გასაუბრების ფარული ჩაწერის მცდელობა ჰქონდა. ხაბეიშვილის ინფორმაციით, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ეჭვი შეიტანა, რომ ბუსკივაძე ფარულ ჩაწერას მაჯის საათით აწარმოებდა, რის გამოც ადგილზე გამოძახებული იყო 5 საპატრულო ეკიპაჟი.
"კახა ბუსკივაძე გასაუბრების ფარულ ჩაწერას თავის დაცვის მიზნით ახორციელებდა, რადგან კომისიის ერთ-ერთი წევრი და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე მანამდე მასზე ზეწოლას ახორციელებდა. ნიჟარაძემ ბუსკივაძე თანამდებობრივად ჩამოაქვეითა კიდეც. ფარული ჩაწერის პროცესის აღმოჩენის შემდეგ ორი საათის განმავლობაში ბუსკივაძეზე მიმდინარეობდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მომხდარის შესახებ ბუსკივაძემ ჩვენ მესიჯი მოგვწერა. გასაუბრება ლერმონტოვის ქ.#10-ში, საკრებულოს შენობაში მიმდინარეობდა. ჩვენ, ქუჩაში მყოფებს, ჩხუბის ხმა გვესმოდა, თუმცა დაცვამ შენობაში არ შეგვიშვა. ადგილზე გამოვიძახეთ ადვოკატი გოგა ონიანი, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები", _ განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, ადვოკატი გოგა ონიანი შევიდა შენობაში და კახა ბუსკივაძე გამოიყვანა. ხაბეიშვილმა ასევე დასძინა, რომ გეგი ნიჟარაძე მათ ემუქრებოდა, რომ შენობას ვერ დატოვებდნენ.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ბუსკივაძეს ფარული ჩანაწერის გაკეთების მცდელობისათვის აქტი ვერ შეუდგინეს, რადგან ეს კანონდარღვევას არ წარმოადგენს. მისივე თქმით, მერიის ყოფილი თანამშრომელი კახა ბუსკივაძე ამჟამად თავისუფალია.