შს ახმეტის რაიონული სამმართველოს უფროსად 31 წლის ზურაბ უძილაური დაინიშნა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, უძილაური სხვადასხვა დროს, ახმეტის სასამართლოს მიერ რამდენჯერმეა გასამართლებული - ნარკოტიკების მოხმარებისთვის და წვრილმანი ხულიგნობისთვის. უძილაური წლების განმავლობაში იყო აღრიცხული ნარკოტიკების მომხმარებელთა ბაზაში. იგი "ქართული ოცნებიდან" ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ნათესავია. ზვიადაური უძილაურის შვილის ნათლიაა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი წერს, უძილაურის ახმეტის პოლიციის უფროსად დანიშვნის თარიღის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი არ გააკეთეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთმანეთისგან დამოუკიდებელ რამდენიმე წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია აქვს, რომლის თანახმადაც სამმართველოს უფროსად უძილაურის დანიშვნის ბრძანებას შს ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ხელი გადადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე მოაწერა.
ჭიკაიძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 23 იანვარს გაავრცელა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაური 26 იანვარს წარადგინა.
პოლიციის უფროსად ზურაბ უძილაურის დანიშვნის ზუსტი დრო იმიტომაც არის საინტერესო, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა უძილაურის დანიშვნამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო ასეთი შინაარსის წერილი. წერილის ავტორის ვინაობას ვებგვერდი არ ასახელებს.
"ქრთამი უკვე გადახდილია და ახმეტის პოლიციის უფროსად ელოდებიან უძილაურის დანიშვნას - თიანეთში რომ იყო უფროსის მოადგილედ. იცნობ შენ. ზვიადაური მისი ბავშვის ნათლიაა. დაინტერესდი ამ საქმით".
2 დღის შემდეგ მიღებული წერილის შინაარსი კი ასეთია (23.01.2015): "ქრთამი უკვე მიცემული ჰქონდათ და დღეს აირია. არ ვიცი, როგორ იქნება. ისინი კი ვერ იქნებიან ხასიათზე, მაგრამ აღებული აქვთ და..."
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა წერილის ავტორს რამდენიმე კითხვით მიმართა.
-უძილაურს აქვს ფინანსური შესაძლებლობა, ქრთამი გადაეხადა?
- ან ჰქონდა ან იშოვა. ან სიმამრმა მისცა უძილაურს ფული. იცი, ვინ არის მაგის სიმამრი?
-ვინ?
- უძილაურის სიმამრი არის სამხარაძე ვალერი. 2000 წელს მძევლად ჰყავდათ პანკისში აყვანილი გამოსასყიდის მიზნით. იმ დროს პოლიციის სამმართველოს უფროსი თამაზ თამაზაშვილი იყო.