იუმორისტი გიორგი ჯანელიძე სოციალურ ქსელში საკუთარი შვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს და განათლების სამინისტროს 6 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლაში მიღების თხოვნით მიმართავს.
"მყავს 1 შვილი. 5 წლის და 1 თვის. ქართულად კითხულობს და წერს უპრობლემოდ (ცნობს ყველა ასოს. განსაკუთრებით რთული სიტყვების, როგორებიცაა, კდემამოდილება და ყმადნაფიცი, წაკითხვა უჭირს) ინგლისურად ყველა ასოს ცნობს, თუმცა სიტყვებს ჯერ ვერ კითხულობს. 10-ის ფარგლებში ანგარიშობს უშეცდომოდ, 20-ის ფარგლებში შეცდომებით (თუმცა კალკულატორის ხმარება იცის) სექტემბრისთვის მდგომარეობა გვექნება ცალსახად უკეთესი, მაგრამ განათლების სამინისტროს ახალი რეგულაციით, ბავშვს სკოლაში (არც კერძოში) მაინც არ მიიღებენ, რადგან ამ დროისთვის არ იქნება სრული 6 წლის. ჩემი სურვილია სახელმწიფომ დაუშვას რაიმე შესაძლებლობა, რომ ბავშვი სკოლაში მიიღონ: 1: გამოცდა 2: ფსიქოლოგის ან ვიღაც კომპეტენტურის დასკვნა 3: თუნდაც კერძო სკოლებს მისცენ ბავშვის მიღების უფლება. მოტივაცია: თვითონ სკოლაში შევედი 5 წლისა, არასოდეს დამირღვევია კანონი და 21 წლიდან, ჩემ მიერ გადახდილი გადასახადებით ვინახავ სახელმწიფო აპარატს, მათ შორის საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის შემადგელობას, რომელთა ნაწილის განათლებაზე ფრიად საეჭვო წარმოდგენისა ვარ. გმადლობთ ყურადღებისათვის", - წერს ჯანელიძე.
საქართველოს განათლების სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს ექვს წლამდე ბავშვების სკოლაში მიღება გამონაკლისის სახით შესაძლებელი იქნება.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მშობლები, რომელთა შვილებს ექვსი წელი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ უსრულდებათ, ფსიქოლოგს მიმართავენ. ფსიქოლოგი ბავშვის განვითარებას, სასკოლო მზაობას ამოწმებს და გასცემს შესაბამის ცნობას, არის თუ არა ბავშვი მზად სკოლისთვის.
მშობლების ინფორმაციით, აღნიშნული ცნობითა და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლით, ისინი განათლების მინისტრის სახელზე განცხადებას წერენ და გამონაკლისის დაშვებას ითხოვენ.
აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" განათლების სამინისტროში გადაამოწმა. უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, შესულია თუ არა მინისტრის სახელზე გამონაკლისის დაშვების მოთხოვნით განცხადებები, თუმცა სამინისტროში განმარტავენ, რომ სასწავლო წლის დაწყებისათვის ბავშვი ექვსი წლის უნდა იყოს და გამონაკლისი არ დაიშვება. ეს ვრცელდება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებზე.