პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ვიდეოს გმირი ქალბატონი ამორალურად იქცეოდა.
როგორც მანანა კობახიძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას განაცხადა, ვიდოზე ასახული ქალბატონის ქცევა არის სამართალდარღვევა.
"ამ ქალბატონის ქცევა ამორალური და დაუშვებელია. ეს არის სამართალდარღვევა, ჩვეულებრივი ხულიგნობაა, როდესაც სამართალდამცავს აგინებ და არ ემორჩილები. მეორეა, როგორ მოქმედებს პატრული. მე ვფიქრობ, რომ პატრული მთლად ადეკვატური არ იყო ამ შემთხვევაში. არ შეიძლება ამდენი ალაპარაკო მოქალაქე, მისცე საშუალება გაგინონ, გლანძღონ", - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, პატრული ვალდებულია მოქალაქეს არ მისცეს საშუალება, დაარღვიოს წესრიგი. "ეს არის იმ პატრულის სისუსტე, რომელმაც ამდენის უფლება მისცა ქალბატონს. არ აქვს მნიშვნლეობა ვის ურეკავდა. ამ ქალბატონმა განაცხადა, რომ არ იცნობს ცინარიძეს, მე მგონია, რომ ცინარიძე გააკეთებს განცხადებას და პასუხს გასცემს ამ კითხვას, მაგრამ თუ დადასტურდა რაღაც კავშირი, რომ ადამიანი იყენებს ნაცნობობას მაღალი თანამდებობის პირთან თუ საპატრულო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და ამითი ცდილობს თავი დააღწიოს ჯარიმას, ეს არის ძალიან ცუდი", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს გაავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი, რომელიც პატრულს შეურაცხყოფას აყენებს. ყუშიტაშვილი ახსენებს ზვიად ჯანყარაშვილს და თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს, დავით ცინარიძეს. ამასთან, ის უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს პატრულის თანამშრომლებს.