"იური მეჩითოვი ერთ-ერთი ტელევიზიის სტუდიაში აღშფოთებას ვერ მალავს და გაიძახის: "რა უნდათ ქართველ მეომრებს უკრაინის სამოქალაქო ომში! უკრაინაში ხომ სამოქალაქო ომია და ჩვენი მეომრები ვის ეხმარებიან ამ სამოქალაქო ომში?!"
სხვა რა უნდა იფიქროს კაცმა იური მეჩითოვზე (ვიღაცისთვის იგი თბილისის კოლორიტია) თუ არა ის, რომ იურის ფსბ-ს დირექტივა აქვს შესასრულებელი და ამ იწილო-ბიწილოს განგებ უწევს ტირაჟირებას!
იური, უკრაინაში სამოქალაქო ომია?! - გრცხვენოდეთ მაინც იური!!!" - წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია.
ჩვენ ფოტოხელოვან იური მეჩითოვს დავუკავშირდით და აღნიშნულ თემაზე გავესაუბრეთ.- დიახ, ეს ჩემი ნათქვამია და გავიმეორებ, - უკრაინაში ნამდვილად არის სამოქალაქო ომი. ამას ადასტურებს არა მარტო ჩვენი საინფორმაციო საშუალებები. თუ ნიკა მელია მხოლოდ ჩვენი და უკრაინის საინფორმაციო საშუალებებით იკვებება (ჩვენი საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციები ხომ უკრაინის ინფორმაციებთან ერთი-ერთშია) რა თქმა უნდა, ჰგონია, რომ უკრაინელები რუსეთს ებრძვიან, თუ ეს ყველაფერი ასე პრიმიტიულად ჰგონია, ეს ნიკა მელიას პრობლემაა. უცხო ქვეყნის ინტერესებში ვინც არის, ეს მთელი "ნაციონალური მოძრაობაა".
- რას გულისხმობთ?
- არ მინდა, ის ქვეყანა დავასახელო, კოლმეურნეობის თავმჯდომარისა არ იყოს, ვის სამსახურშიც არიან ნაციონალები და სხვებს აბრალებენ, რომ "ფეესბეს" აგენტიაო. თუ "ფეესბეს" აგენტი ვარ, მაშინ ყველანაირად შემამოწმონ და გამსინჯონ. თან, როგორ შეიძლება, ადამიანმა აქლემი მიწოდოს და თავი ვიმართლო, - აქლემი არ ვარ-მეთქი?! თავის მართლებას არც ვაპირებ, მის სინდისზე იყოს ეს სისულელე, რასაც ლაპარაკობს. კიდევ კარგი, რომ მერად არ ავირჩიეთ. ვერც ავირჩევდით...
- როგორც ნიკა მელია აღნიშნავს, ეწინააღმდეგებით უკრაინაში ქართველი მეომრების საომრად წასვლას...
- დიახ, და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ უკრაინაში არის სამოქალაქო ომი, რაც გაღვივებულია როგორც გარედან, ისე შიგნიდან. იმ სამოქალაქო ომში ქართველები არ უნდა წავიდნენ (იქ ქართველი ქართველსაც ესვრის, არის ასეთი კერძო შემთხვევებიც), რადგანაც საქართველოს ბედი საქართველოში წყდება და არა უკრაინაში. თუმცა მსოფლიო უკვე ისეა შემჭიდროებული და ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ახლა უკვე საქართველოს ბედი ავღანეთშიც წყდება და სირიაშიც. მოკლედ, ქართველების იქ წასვლა ჩვენმა სამხედროებმა უნდა მიატოვონ. არ შეიძლება აქ პოსტები მიატოვონ და უკრაინაში გაემგზავრონ, - ეს ჩვენი ქვეყნის ღალატია. როცა ამას ვამბობ, სწორედ საქართველოს ინტერესებიდან გამოვდივარ და არა რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესებიდან, როგორც ზოგიერთნი. მიმაჩნია, რომ საქართველოს ინტერესებში არ შედის, ჩვენი ხალხის იქ წასვლა და ვიღაცების გამო სიკვდილი. ან იდეოლოგიურად გაბრუებული ხარ, ან ეკონომიური ინტერესი გამოძრავებს. არადა, ამ უბედურ ქვეყანაშიც არ მიეცათ ადამიანებს საშუალება, იმუშაონ და საკუთარი შრომით ოჯახები არჩინონ.
აი, ეს არის ჩემი კომენტარი, სხვა პრეტენზია არ მაქვს. ნიკა მელია თავისუფალი კაცია, რაც უნდა დაწეროს "ფეისბუქის" პირად გვერდზე, მისი საქმეა და მასთან "ფეისბუქზე" პოლემიკაში არ შევალ...
ლალი ფაცია