საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის განცხადებით, ლარის კურსი ქვეყნის ეკონომიკის რეალურ მდგომარეობას ასახავს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრის შემდეგ, ონოფრიშვილი კომიტეტის ფარგლებში, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლების მოწვევასაც გეგმავს.
ონოფრიშვილის ცნობით, ქადაგიძესთან დახურული შეხვედრისას, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის გარდა, ეკონომიკასთან და ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრეს, რადგან ეს ყველაფერი, მისი თქმით, ერთმანეთთან არის დაკავშირებული.
"ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ის ფუნქცია, რაც ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის მიმართულებით მას აქვს, ეს არის ძირითადად ჩარევები განახორციელოს იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ინფლაციას ემუქრება. შეიძლება სხვა ტიპის ინსტრუმენტების გამოყენება, რაზეც მან ისაუბრა. შეიძლება გამოყენებული იყოს საპროცენტო განაკვეთის ზრდა ან შემცირება, მაგრამ რამდენად აუცილებელია ეს - ამ ყველაფერს აქვს თავისი გავლენა ეკონომიკაზე, თუ გაზრდის, მაშინ ნიშნავს, რომ გარკვეული თანხა ამოვა, კურსი შეიძლება "დაიჭირო", მაგრამ ეკონომიკური ზრდა შეიძლება შემცირდეს, რაც შემდგომში შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს და მივიღებთ იმას, რაც 2013 წელს იყო. ამიტომ სიტუაცია მარტივი არ არის. კურსი განსაზღვრავს ეკონომიკის რეალურ მდგომარეობას. თუ ლარი არის დოლართან მიმართებაში 1:2-თან და ასე გაუფასურდა, ეს იმიტომ, რომ პრობლემები არის ეკონომიკაში. პრობლემების ნაწილი გამოწვეულია გარე ფაქტორების გავლენით, რადგანაც რეგიონში ყველგან გაუფასურდა, მაგრამ არის შიდა პრობლემები. აქ ალბათ მაინც უნდა გავუსვათ ხაზი, პირველ რიგში, რომ დეფიციტი, რაც სავაჭრო ბალანსის დროს არის, გარკვეულწილად სხვა სახსრებით უნდა დაიფაროს. აქ სხვადასხვა მიმართულებებია, მაგრამ მთავარი, სადაც რეალურად უნარი უნდა შეწევდეს მთავრობას ან გარკვეულწილად ზეგავლენის საშუალება აქვს - ეს არის ინვესტიციების მოზიდვა. ამიტომ, ჩვენ დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ თუ ინვესტიციები გაიზრდება ქვეყანაში, გარემო კიდევ უფრო გაუმჯობესდება, ამ შემთხვევაში კურსიც ბევრად სტაბილური იქნება, ინფლაციასაც ნაკლები პრობლემა ექნება და ეკონომიკური ზრდაც იქნება. თუ მთავრობამ ინვესტიციების მაღალ დონეზე მოზიდვას თავი მოაბა, სავალუტო კურსის მიმართულებით, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, ინფლაციური პროცესების შეჩერების მიმართულებით სერიოზული შეღავათი იქნება", - განუცხადა ჟურნალისტებს ონოფრიშვილმა.