სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა ეგვიპტეში, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულთა შორის სამი პოლიციელია, ათობით დემონსტრანტი კი დაშავებულია.
"ბიბისის" ცნობით, ეგვიპტის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის კაიროსა და ალექსანდრიაში, აქციები 2011 წლის სახალხო ამბოხების ოთხი წლისთავის აღსანიშნავად გაიმართა. საპროტესტო გამოსვლები, რომელიც შემდეგ შეტაკებებში გადაიზარდა, ეგვიპტეში შაბათს, კაიროში გამართული მარშის დროს აქციის მონაწილე გოგონას მკვლელობას მოჰყვა. აქტივისტები მის სიკვდილში პოლიციას ადანაშაულებენ. "ბიბისის" ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა გასულ წელს 2011 წლის სახალხო ამბოხების სამი წლის აღსანიშნავ აქციაზეც.