გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბინა, რომელშიც ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია ოჯახთან ერთად 19 წელი ცხოვრობდა, მისი აღარ არის. მიზეზი საბანკო და სხვა ვალები გახდა. პოსტს, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით ენათმეცნიერმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გაავრცელა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ლევან ღვინჯილია გულშემატკივრებისთვის ამჯერად საგანგებო კომენტარს ავრცელებს.
"საგანგებო კომენტარი
ჩვენი ოჯახისთვის მსგავსი განსაცდელი არახალია: 1991 წელს თბილისის ცენტრი რომ გადაიბუგა, მაშინ მთელი ჩვენი წარსული ფერფლად იქცა. ფოტოსურათებიც კი არ დაგვრჩა... სანამ ამ სახლში გადმოვიდოდით, 5 წელი სასტუმრო "ივერიაში" გავატარეთ და ლუკაც იქ დაიბადა (ამ ზაფხულს ოცისა გახდება).
მაშინ სოციალური ქსელები კი არა, თბილისში სულ რამდენიმე კომპიუტერი იდგა, თანაც იმხელები, რომ ოთახში ძლივს ეტეოდა.
კეთილშობილ ადამიანთა თანაგრძნობის ჯადო პირველად მაშინ შევიგრძენი.
თუმცა, მასობრიობის თვალსაზრისით დღევანდელი გამოხმაურებები იმას, ცხადია, ასგზის აჭარბებს....
კომენტარების კითხვისას არაერთხელ ყელში ბურთი მომაწვა...
და მაინც: უმორჩილესად გთხოვთ, არანაირ ფინანსურ დახმარებასა და თანხის შეგროვებაზე საუბარი არ იყოს, თორემ იძულებული ვიქნები, ყველა პოსტი წავშალო.... იმას, როგორაც მე თქვენ მამხნევებთ, ვერანაირი ფულადი სიდიდე ვერ დაეტოლება.... ვგრძნობთ, რომ მარტონი არა ვართ. ეს კი ყველაფერია!
{ხედი აივნიდან}", - წერს ლევან ღვინჯილია.
იხილეთ ასევე: ლევან ღვინჯილია ბინიდან გამოასახლეს - "აქ გავატარეთ მე და ჩემმა ოჯახმა ბოლო 19 წელი"