რამდენი კილომეტრი "ჩამოაჭრა" პუტინმა უკრაინას - რუსეთ-უკრაინის ომის ქრონიკა ბოლო მონაცემებით

რამდენი კილომეტრი "ჩამოაჭრა" პუტინმა უკრაინას - რუსეთ-უკრაინის ომის ქრონიკა ბოლო მონაცემებით

რამდენიმე დღეა უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეამბოხეები თითქმის ყველა მიმართულებით აქტიურ შეტევაზე გადავიდნენ. უკრაინელი ძალოვანების პოზიციებზე საარტილერიო იერიშების მიტანის შემდეგ, ისინი შეტევაზე ტანკებით და ჯავშანტექნიკით გადადიან. 18 იანვარს მიღწეული მცირე წარმატების შემდეგ, უკრაინულმა არმიამ რვა საყრდენი ობიექტი დატოვა. ბლოკ-საგუშაგოების გარდა, ყველაზე სერიოზული დანაკარგი - დონეცკის აეროპორტია.

აეროპორტის დატოვების შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა "უნიანმა" ბატალიონ "აზოვზე" დაყრდნობით გაავრცელა. როგორც "აზოვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 242-დღიანი თავდაცვის შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებიც დონეცკის აეროპორტს იცავდნენ, აეროპორტი დატოვეს.

არსებული ინფორმაციით, აეროპორტი სრულად განადგურებულია. მათ შორის ძველი და ახალი ტერმინალები, მართვის კოშკი.

საინფორმაციო პორტალ "ცენზარ.ნეტ"-ის მთავარმა რედაქტორმა იური ბუტუსოვმა აეროპორტის დაკარგვაში ქვეყნის გენ-შტაბის ხელმძღვანელი ვიქტორ მუჟენკო დაადანაშაულა. ჟურნალისტის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, აეროპორტის თავდაცვას სწორედ ის ხელმძღვანელობდა.

არსებული ინფორმაციით, აეროპორტის დაცვა მუჟენკომ 16 იანვარს ჩაიბარა. ადგილზე ჩასულმა გენ-შტაბის უფროსმა თანამდებობიდან "ბ" სექტორის მეთაური გენერალი დოვგანი გადააყენა. მანამდე დონეცკის აეროპორტის დაცვას სწორედ ის ხელმძღვანელობდა.

დონეცკის აეროპორტის დაკარგვა, რომელსაც დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, უკრაინისთვის დიდი დარტყმაა. ბოლო დღეების განმავლობაში მეამბოხეები მას განსაკუთრებული აქტიურობით უტევდნენ. ტერმინალის შენობას და "კიბორგების" პოზიციებს არტილერია შეუჩერებლივ ბომბავდა.

ასევე იხილეთ| ვინ არიან უკრაინაში მებრძოლი ქართველები და აქვთ თუ არა მათ ფინანსური მოტივაცია ომში

19 იანვარს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეამბოხეების მხრიდან აეროპორტის შტურმში რუსეთის საზღვაო ქვეითები მონაწილეობდნენ. ტელეარხ "როსია 1"-ის ეთერში გასულ სიუჟეტში, ახალი ტერმინალის შენობის შტურმი აჩვენეს. ვიდეოში ნათლად ჩანდა შეიარაღებული პირების მკლავებზე რუსეთის საზღვაო ქვეითების შევრონები. რუსეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა ამ ვიდეოს კომენტირებაზე უარი თქვეს.

თავად მეამბოხეებმა ეს ინფორმაცია დაადასტურეს. თუმცა განმარტეს, რომ ეს მათ მხარეს მებრძოლი მოხალისეები არიან, რომლებიც ადრე რუსეთის საზღვაო ქვეითებში მსახურობდნენ.

ტანკებს და საარტილერიო სისტემებს რუსეთი უკრაინაში ღიად უკვე რამდენიმე თვეა იყენებს. 18 იანვარს ლუგანსკში რუსული სამხედრო ტექნიკა ისევ დააფიქსირეს. მობილურით გადაღებულ ფოტოზე რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსი МКТК-1А-ია აღბეჭდილი. ის მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული საშუალებების აღმოჩენა-დაფიქსირებას და მათ ჩახშობას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის სადესანტო ჯარებმა კომპლექსი შეიარაღებაში 2012 წელს მიიღეს.

ბოლო დღეების განმავლობაში, მეამბოხეების მასიური შეტევების შედეგად, უკრაინამ პოზიციები რამდენიმე ადგილას დათმო. ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, დაიკარგა ტერიტორიები, რომლებსაც დღემდე ეროვნული გვარდია აკონტროლებდა. დონბასში მოქმედმა ამბოხებულებმა 500 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა ევგენი პერებინისმა გაავრცელა. პრეზიდენტ პოროშენკოს განცხადებით, ამჟამად მეამბოხეები და უკანონო სამხედრო ფორმირებები უკრაინის ტერიტორიის 7,6 %-ს აკონტროლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ| უკრაინის ქართველი გმირი: ემოციური სამადლობელი წერილი გარდაცვლილ ქართველ მებრძოლს უკრაინელი ჟურნალისტისგან

მიმდინარე მოვლენების ფონზე, 20 იანვარს პოროშენკომ მობილიზაციის მეოთხე ეტაპის დაწყების განკარგულება გასცა. 2015 წელს ის 104 ათას ადამიანს შეეხება.

ამჟამად მეამბოხეების შეტევის ნაწილი ქალაქ მარიუპოლზეა მიმართული. ქალაქის შემოგარენში უკვე რამდენიმე დღეა აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. უკრაინული არმიის ბლოკ-საგუშაგოებს ბომბავენ "გრადებიდან" და ნაღმსატყორცნებიდან. მეამბოხეები ქალაქის რამდენიმე დღეში აღებით იმუქრებიან. მარიუპოლის დაკარგვის შემთხვევაში, მეამბოხეებს გზა ყირიმისკენ გაეხსნებათ.

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა