გუშინ გიუმრიში რუსი სამხედროს მიერ დანით დაჭრილი ექვსი თვის სერიოჟა ავეტისიანი დაკრძალეს. დაკრძალვას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი ემოციური პოსტით ეხმაურება.
"პირველად ვნახე პატარა კუბო, თეთრი ფუმფულა სათამაშო დათუნიები სამუდამო სამყოფელთან. ასეთი სევდიანი - მზიანი დღე იანვარში. უფრო მეტი ცით, ცივი ჰაერით.
ბუთხუზას ცხედარს ტაძარისკენ მოასვენებდნენ, როდესაც მე პირველად ვისმენდი ბევრ ტირილს უცნობ ენაზე. პირველად არ მინდოდა შემეხედა კუბოსთვის, შევხებოდი. არ მინდოდა დამემახსოვრებინა კაცი სამრეკლოში, რომელიც ტირილის მიუხედავად, ტაეპების სრული დაცვით რეკდა ზარებს. ხმა გიუმრში 180 დღის ბუთხუზას ჩამოსვენებას იუწყებოდა. ყელში ჰაერის უზარმაზარი გუნდები მაქვს გაჩხერილი, გაყინული მაქვს ხელისგულები.
ტრაგედია გლოვის დღეების (დღის) გარეშე.
გიუმრი 20 იანვარი", - წერს ქაშიაშვილი.
ჩვილის დაკრძალვის ცერემონიას ადგილობრივები და ერევნიდან ჩასული დელეგაციის წევრები დაესწრნენ. მათ შორის სომეხი კანონმდებლებიც იყვნენ. მოსახლეობა ვალერი პერმიაკოვის გადაცემას და დასჯას ითხოვს.