უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, თამაზ სუხიაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიცვალებულს პატივი მიაგეს ოფიციალურმა პირებმა და ახლობლებმა. აეროპორტში იმყოფებიან უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო, სამხედრო ატაშე სერგეი კუნდიუსი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე.
აეროპორტის გამოსასვლელში ცხედარს დაშვებული დროშებით პატივი მიაგეს "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა. იქ ასევე იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მათ შორის ნუგზარ წიკლაური, კობა ხაბაზი, სერგო რატიანი, ზურაბ ჯაფარიძე, გივი თარგამაძე. გარდაცვლილს ქაშუეთის ტაძარში გადაასვენებენ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას გარდაცვლილის ბიძაშვილმა, ამირან ცერცვაძემ განაცხადა, თამაზ სუხიაშვილი უკრაინაში საბრძოლველად საკუთარი სურვილით წავიდა.
მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაკრძალავენ თამაზ სუხიაშვილს. ახლობლები აცხადებენ, რომ კვირას, 25 იანვარს მას 37 წელი შეუსრულდებოდა. ნათესავებს არ სურთ, რომ გარდაცვლილი საკუთარ დაბადების დღეზე დაკრძალონ, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, თამაზ სუხიაშვილი ხაშურში, სოფელ ცხრამუხაში შაბათს დაკრძალონ.