93-ე ბრიგადის მებრძოლი, საქართველოდან ნებაყოფლობით წასული პროფესიონალი მეომარი თამაზ სუხიაშვილი უკრაინაში რუსების მიერ განხორციელებული შეტევის დროს გმირულად გარდაიცვალა.
ამის შესახებ "ფეისბუქზე" "ცენზორ ნეტის" მთავარი რედაქტორი იური ბუტუსოვი წერს.
"იცნობდეთ! 17 იანვარს დონეცკის აეროპორტთან არსებულ მონასტერთან ეს საოცარი ადამიანი იბრძოდა, თამაზ სუხიაშვილი. თამაზი პროფესიონალი მეომარი იყო. ის იღებდა მონაწილეობას ოსეთში მიმდინარე ომში 2004 წელს, 2008 წელს რუსეთის განხორციელებულ აგრესიაში, მონაწილეობდა მისიებში, ერაყსა და ავღანეთში. გასულ წელს თამაზი მსახურობდა საქართველოს შსს-ს განსაკუთრებული დანიშნულების დანაყოფში. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსები შემოიჭრნენ, თამაზი სამსახურიდან დაეთხოვა და ჩვენ დასახმარებლად ჩამოვიდა. ის იყო ქართული სპეცდანიშნულების რაზმის ლეიტენანტი, ჰქონდა მშვენიერი კარიერა, კოლექტივი, რომელშიც პატივისცემით სარგებლობდა, უკრაინელ გენერალზე მაღალი ანაზღაურება, ყავდა ოჯახი, ორი საოცარი შვილი.
თუმცა ამ ნამდვილმა მამაკაცმა მიატოვა კარიერა და ნებაყოფლობით ჩაეწერა უკრაინულ არმიაში. თამაზის, როგორც პროფესიონალი მებრძოლის, გამოცდილება ფასდაუდებელია მისი მეგობრებისთვის. თავისი ქვეყნის თავდადებული პატრიოტი, რომელმაც გადაწყვიტა თავისუფლებისთვის ებრძოლა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. თამაზი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც შეტაკების დროს დანაყოფს წინ მიუძღოდა. ბრძოლა 5 საათს გაგრძელდა. მორიგი შეტევის დროს თამაზ სუხიაშვილი გმირულად დაეცა. თამაზთან ერთად გარდაიცვალა ორი უკრაინელი ჯარისკაცი, 20-ზე მეტმა კი ჭრილობა მიიღო. დაჭრილთა შორის კიდევ სამი ქართველია. მათ ჩვენს გამო გაწირეს თავი.
თამაზ, ვიცი, რომ ნამდვილი ჯარისკაცი იყავი და იცოდი, რომ ომში სიკვდილი პროფესიის განუყოფელი ნაწილია. მაგრამ არ არსებობს სიტყვები, რომლითაც მადლობას გადაგიხდი იმისთვის, რომ ჩვენი ომი და ტკივილი განიცადე ისევე მწვავედ, როგორც საკუთარი ქვეყნის. მადლობა იმ პატივისთვის, რომ უკრაინას მეორე სამშობლო უწოდე. შენი გმირობა უმაღლეს ჯილდოს იმსახურებს. ჩვენ არ დაგივიწყებთ შენ და შენს ოჯახს. ხსოვნა იყოს ჩვენი ძვირფასი უკრაინის ქართველი გმირის," - წერს ბუტუსოვი.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, თამაზ სუხიაშვილი წუხელ საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიცვალებულს პატივი მიაგეს ოფიციალურმა პირებმა და ახლობლებმა. აეროპორტში იმყოფებოდნენ უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო, სამხედრო ატაშე სერგეი კუნდიუსი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე.
აეროპორტის გამოსასვლელში ცხედარს დაშვებული დროშებით პატივი მიაგეს "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა. იქ ასევე იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მათ შორის ნუგზარ წიკლაური, კობა ხაბაზი, სერგო რატიანი, ზურაბ ჯაფარიძე, გივი თარგამაძე. გარდაცვლილი ქაშუეთის ტაძარში გადაასვენეს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას გარდაცვლილის ბიძაშვილმა, ამირან ცერცვაძემ განაცხადა, თამაზ სუხიაშვილი უკრაინაში საბრძოლველად საკუთარი სურვილით წავიდა.
მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაკრძალავენ თამაზ სუხიაშვილს. ახლობლები აცხადებენ, რომ კვირას, 25 იანვარს მას 37 წელი შეუსრულდებოდა. ნათესავებს არ სურთ, რომ გარდაცვლილი საკუთარ დაბადების დღეზე დაკრძალონ, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, თამაზ სუხიაშვილი ხაშურში, სოფელ ცხრამუხაში შაბათს დაკრძალონ.