გაზეთი "ქრონიკა +" ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვის შესახებ საუბრობს და მიზეზად თამაზაშვილების ფაქტორს ასახელებს. გაზეთი წერს, რომ ზვიად ჯანყარაშვილმა და ლექსო თამაზაშვილმა ბიზნესმენ თემურ უგულავასგან 75 მილიონის გამოძალვა სცადეს, თუმცა შეხვედრის აუდიოჩანაწერი უგულავამ მის უახლოეს მეგობარ ნიკუშა შენგელაიას ბიძინა ივანიშვილთან გაატანა [მეტი]. გამოცემა იუწყება, რომ აღნიშნული ჩანაწერის მოსმენის შემდეგ ივანიშვილს ძალიან დაეძაბა ურთიერთობა ღარიბაშვილთან და მას ლექსო თამაზაშვილის დაუყოვნებლივ დაჭერა მოსთხოვა. გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად Ambebi.ge ნიკუშა შენგელაიას დაუკავშირდა:
- ბატონო ნიკუშა, "ქრონიკა +"-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილთან მიიტანეთ თემურ უგულავას, ზვიად ჯანყარაშვილის და ალექსანდრე თამაზაშვილის ფარული ჩანაწერი, ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
- რა სისულელეა, რეებს ჭორაობენ (იცინის), საიდან, სად, რაო?!... საქმე არა აქვს ამ ხალხს. ეს არის აბსოლუტური სისულელე, საიდან მოაქვთ ასეთი სისულელე. ნუ ჭორაობენ, თორემ სასამართლოში ვიჩივლებ. სისულელეა ეს ინფორმაცია.
Ambebi.ge-მ თემურ უგულავასთან დაკავშირება სცადა, თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
რაც შეეხება დეპუტატ ალექსანდრე თამაზაშვილს, ის "ქრონიკა +"-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით გამოეხმაურა:
"წავიკითხე ეს სტატია, რა ხდება?! ფანტაზიები მოაკლდა ქართულ პრესას?!! ან გადაამოწმონ, ან შეკითხვა დასვან, იქნებ ვუდასტურებ ამ ყველაფერს?! ასე არ შეიძლება!!! წერთ, რომ "წყარომ" მოგვაწოდა ინფორმაციაო და არც ამოწმებთ, ისე ავრცელებთ ამ ამბავ-სისულელეს. მასეთი "წყარო" უთვალავია და ასეთი ამბავის მომგონიც, დამწერიც და გამავრცელებელიც ერთ დღეს შეიძლება, თვითონ გახდნენ რაიმე მოგონილი სიუჟეტის სუბიექტები...
ვფიქრობ, ახლა რა უნდა ვქნა, გამოვიდე, ვიყვირო, ტყუილია ხალხო, არ დაიჯეროთ?! ჩივილს აზრი არ აქვს... არ არსებობს კანონი ცილისწამების შესახებ, მაგრამ ჟურნალისტის ეთიკა ხომ არსებობს?!! თუ ესეც პირობითია, ვის როგორ და სად გაახსენდება, რომ ჟურნალისტია და სამართლიანი უნდა იყოს?!
მოდით, ასე მოვიქცეთ, გაარკვიეთ, ყველა "წყარო" გამოიყენეთ და არა თუ შეხვედრის და საუბრის რეალობა, არამედ ის მაინც დაამტკიცეთ, რომ ოდესმე ხელი მაინც მაქვს ჩამორთმეული იმ პიროვნებასთან, ან რაიმე სახის ნაცნობობა მაკავშირებს, თქვენ თუ ამას დაამტკიცებთ, პირობას გაძლევთ, საქვეყნოდ ვაცხადებ, რომ არა მარტო დეპუტატის მანდატს, არამედ ქვეყანასაც დავტოვებ!
ამას თუ ვერ შეძლებთ, ვიტოვებ უფლებას, რომ მატყუარა და ცრუ ჟურნალისტებად მოგიხსენიოთ!
ალექსანდრე თამაზაშვილი"
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE