"შარლი ებდოს" პროვოკატორებმა რაც დაიმასახურეს, ის მიიღეს"; "ჩვენ წინასწარმეტყველი მუჰამედი ყველაფერზე მეტად გვიყვარს - სულზე, ოჯახზე, შვილზე მეტად. როცა ვეუბნებით და მათ ტვინში არ ჩადის, რაღაც გზით უნდა შევაჩეროთ. თუ პროვოკაციაზე მოდიან, ჩვენ სამაგალითოდ უნდა გავცეთ პასუხი"; "ტერორიზმს გმობს ყველა რელიგია, მაგრამ ვინც ადამიანს ტერორიზმისკენ უბიძგებს, ის არის ტერორისტი და არა ის, ვინც ტერაქტს აწყობს", - ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ დღეს პანკისის ხეობაში მცხოვრები მუსლიმები, რომლებმაც კარიკატურების წინააღმდეგ აქცია გამართეს.
"ქართველებო და საქართველოში მცხოვრებო ხალხო, საღად მოაზროვნე ადამიანებო, არ გვინდა, რომ ღმერთის მიერ გამოგზავნილ მოციქულს ვიღაცეებმა კარიკატურები უხატონ. ჩვენ თუ ჩვენ მუჰამედს პატივს ვცემთ, ისევე, პატივი უნდა ვცეთ თქვენ იესოს, ასევე მუსას და ყველა იმ მოციქულს, რომლებიც ღმერთის მიერ არიან ჩვენთან გამოგზავნილი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ხალხის ამოხოცვა კარგია, არა, ჩვენ ვამბობთ, რომ თავი დაანებონ ჩვენ მოციქულს" - მიმართა აქციის მონაწილეებს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლეეჩი ბორჩაშვილმა.
აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ წინასწარმეტყველების კარიკატურების გამოქვეყნება მათ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს.
"ამ აქციის მიზანია დავანახოთ მთელ მსოფლიოს, "შარლი ებდოს" და მათ, ვინც ამ ჟურნალს მხარს უჭერს, რომ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენი მოციქულის შეურაცხყოფას და ამაზე აქცენტს ყოველთვის გავაკეთებთ. ისევ ის რედაქცია იქნება ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი და დამნაშავე, რედაქცია და ის ხალხი, ვინც მათ უჭერს მხარს" - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს დუისის ახალი მეჩეთის იმამმა ამურ ხანგოშვილმა.
"შარლი ებდოს" ჟურნალისტებმა, ჟურნალისტებს არ ვიტყვი, პროვოკატორებმა და ყველა სარწმუნოების შეურაცხყოფის მიმყენებელმა ადამიანებმა რაც დაიმასახურეს, ის მიიღეს. ქრისტიანებიც და მუსლიმებიც აფრთხილებდნენ, რომ ეს არ შეიძლება. არანაირი რელიგიის ხელყოფა არ შეიძლება, ეს არანაირად არ არის გამართლებული", - ამბობს 25 წლის ლევან დუიშვილი.