ისტორიები, რომელსაც სვეტიცხოველში მამა ილიას შესახებ ყვებოდნენ - "გრძნობდა, რომ ცოცხალი ვერ ჩამოვიდოდა"

ისტორიები, რომელსაც სვეტიცხოველში მამა ილიას შესახებ ყვებოდნენ - "გრძნობდა, რომ ცოცხალი ვერ ჩამოვიდოდა"

ადრიატიკის ზღვაში დაღუპული არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარი დღეს სამების საკათედრო ტაძრიდან მცხეთაში, სვეტიცხოველში გადაასვენეს. ტაძარში მიცვალებულის სულის მოსახსენებლად ლოცვები აღევლინება. მრევლი მოძღვარს ემშვიდობება და ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

დღეს სვეტიცხოველში მამა ილიას წინათგრძნობაზე საუბრობდნენ და გამგზავრებამდე თქმულ მის სიტყვებს იხსენებდნენ.

ნათია თოდუა, მამა ილიას მეგობარი:

მამა ილიას დაახლოებით ერთი წელია ვიცნობდი. მასთან ძალიან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. ვიყავი მისი ახლო მეგობარი და მრევლი, ძალიან ვწუხვარ ამ ტრაგედიის გამო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მისი სული ნათელში იქნება. სანამ მოსალოცად წავიდოდა , საუბრობდა და გრძნობდა, რომ ცოცხალი ვერ ჩამოვიდოდა. ამის გახსენება ყველას ცუდად გვხდის, მაგრამ მან ღირსეულად დატოვა ეს ქვეყანა და იმსახურებდა ხალხის ამ სიყვარულს, რასაც დღეს ვხედავთ. სანამ გაემგზავრებოდა ამბობდა, რომ სამწუხაროდ, შეიძლებოდა ცოცხალი ვერ ჩამოსულიყო. ალბათ ეს იყო წინათგრძნობა. სერიოზულად ვერავინ მივიღებდით ამას. ალბათ ადამიანები, რომლებსაც ასეთი ხვედრი აქვთ, გრძნობენ. სანამ წავიდოდა და სანამ დავემშვიდობებოდით, მან რამდენჯერმე თქვა, რომ შეიძლებოდა ის ცოცხალი აღარ გვენახა. ხუმრობდა და ხუმრობაში ატარებდა ამ ყველაფერს, მაგრამ სინამდვილში ასე მოხდა. წმინდა ნიკოლოზის საფლავზე მოსალოცად მიბრძანდებოდა. თან მიჰქონდა ხატები, ტაძარში უნდა დაეტოვებინა ქართველი წმინდანის ხატები, აქედან ნაკურთხი მიჰქონდა. როგორც ჩვენ ვიცით, აქაური ხატმწერის ხატები იყო. ჩანთა ზურგზე ჰქონდა მოკიდებული, ხატებით ჰქონდა სავსე. დაამძიმა და იმ კაბის და ხატების გამო, ვერ შეძლო მან ცურვა, ასე ვთქვათ, თავის გადარჩენა და ამ ტრაგედიისგან თავის დაღწევა. როდესაც მამა ილია სანაპიროზე იპოვეს, სწორედ ის ხატები ჰქონდა ჩანთით, რომლებიც საქართველოდან მოსალოცად მიჰქონდა.

მამა ილიას ცხედარს ხვალ სვეტიცხოვლის ტაძრიდან მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტერში გადაასვენებენ, სადაც მამა ილია წინამძღვარი იყო. სასულიერო პირები ყვებიან, რომ გამგზავრებამდე მამა ილიამ ამავე მონასტრის ეზოში დაკრძალვა დაიბარა.

დეკანოზი სულხან ღუდუშაური:

მონასტრის ეზოში მამა ილიას დადგმული დიდი, ორიგინალური, უზარმაზარი ქვაა. მამა ილიას უთქვამს, რომ მოვკვდები ამ ქვის გვერდში დამასაფლავეთო. თითქოს ხუმრობით, მაგრამ თითქოს წინასწარ განსაზღვრული ჰქონდა, გული უგრძნობდა. თითქოს ანდერძი დაიბარა, თითქოს წინასწარ გრძნობდა, რომ აღარ დაბრუნდებოდა ცოცხალი. გმირად წავიდა ამ ქვეყნიდან. რამდენი სული, რამდენი სიცოცხლე გადაარჩინა? ის არის დიდი პიროვნება, დიდი ადამიანი, დიდი ქართველი, დიდი მოძღვარი. მას უნდა მიბაძოს ყველამ. მისი სულისკვეთებით, მისი თავგანწირვით, რომ სხვისი სულის გადარჩენა შეძლოს ყველა ადამიანმა, მით უმეტეს მოძღვარმა.

ადრიატიკის ზღვაში, ბორან "ნორმან ატლანტიზე" ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არქიმანდრიტი ილია კარტოზია სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისა და გმირობისათვის, განსაკუთრებული პიროვნული მამაცობის გამოვლენისათვის, "სამოქალაქო თავდადებისათვის" (სიკვდილის შემდეგ) დააჯილდოვა.

იხილეთ ვიდეო

ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია