სიხარულისა და ტკივილის უცნაური მონაცვლეობა, ვიღაცამ ამას შეიძლება ბედისწერის თამაშიც უწოდოს, - ასე შეიძლება დაახასიათდეს თემო არაბიძის ცხოვრების 24 წელიწადი და გამარჯვება ტელეპროექტ "ნიჭიერში". მის ცხოვრებაში ფარდა საბედისწეროდ ორჯერ გადაიწია,- ერთხელ, როცა ამ ფარდამ ირგვლივ ყველაფერი ჩამოაბნელა და პატარა ბიჭი ეტლს მიაჯაჭვა; მეორედ კი ფარდა სცენაზე გაიხსნა და ირგვლივ ყველაფერი გააჩირაღდნა! ალბათ არც არსებობს, მაგრამ თუ არსებობს უსათუოდ ძალზე იშვიათად, როცა ფეხებწართმეული ადამიანი, ასე საოცრად ცეკვავდეს. თემომ კი ასე იცეკვა და ყველას აჩვენა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. სწორედ ამიტომ ათასობით ადამიანმა დაურეკა და დაუდასტურა, რომ მისი ბრძოლა ცხოვრებასთან აუცილებლად გამარჯვებით უნდა დასრულდეს! ინტერნეტსივრცეში მიხეილ საკაშვილთან ერთად გადაღებულმა ფოტომ უამრავი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და ეკლიანი ეჭვები აღუძრა მავანს, თუმცა ფაქტი ერთია, თემო ცხოვრების სიყვარულის, ბრძოლისუნარიანობისა და ნებისყოფის საოცარი მაგალითია. თემო "ნიჭიერის" გამარჯვებულად და სააკაშვილის პროტეჟედ ლამის ერთდროულად გამოაცხადეს. მისგან მოისმენთ რა აკავშირებს მიხეილ სააკაშვილთან, სიკვდილ-სიცოცხლის გვირაბიდან როგორ გამოაღწია და როგორ ეხმარება დედა იმქვეყნიური ცხოვრებიდან.
- მაპატიე, რომ გახსენებ, - როგორ მოხდა, რომ ეტლს მიეჯაჭვე?
- ნუ ღელავ, ეს რომ არ "გადამეხარშა", ის არ მოხდებოდა, რაც მოხდა - წარმატებას ვერ მივაღწევდი. მე თერჯოლიდან ვარ. როცა 19 წლის ვიყავი, თერჯოლაში რამდენიმე ბიჭი ჩავსხედით მანქანაში და დაგვავიწყდა რომ სიჩქარისთვის არ უნდა გადაგვეჭარბებინა, 170-180 კილომეტრით მივფრინავდით და ამ დროს 30 მეტრი სიმაღლიდან გადავეშვით მდინარეში. ყველა გადარჩა. მარტო მე ვიყავი 15 დღე კომაში, სრულიად გათიშული. ამის შემდეგ ორჯერ გავიკეთე ოპერაცია. მერე კი ეტლზე გადმომსვეს...