აფხაზური მხარე ოფიციალურ თბილისს "ენგურჰესით" კიდევ ერთხელ ემუქრება. "თუ ორივე მხარე ამ საკითხზე ვერ შეთანხმდება, საქართელო დაზარალდება", - ასეთია დე-ფაქტო აფხაზეთის პოზიცია.
რეალურად, რამდენად მოსალოდნელია "ენგურჰესი" აფხაზური კონტროლის ქვეშ სრულად მოექცეს და აწარმოებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებებს აფხაზეთის მარიონეტულ მთავრობასთან, კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელი ზაალ კასრელიშვილი განმარტავს:
- აფხაზური მხარე ქართული მხარისგან "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალაზიაციიდან შემოსული თანხების განაწილებას ითხოვს. ამიტომ, დღეს აფხაზეთთან დიალოგი აუცილებელია.
- მუქარის ფონზე, დიალოგი ავტომატურად აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების თამაშში ჩართვას არ ნიშნავს?
- მოლაპარაკებაზე დათანხმებას სწორედ ის დადებითი მხარე აქვს, რომ შენი პრეტენზიების დასმის შესაძლებლობა გიჩნდება. დღეს აფხაზეთის პირით რუსი გვემუქრება, ამიტომაცაა აუცილებელი საერთაშორისო ორგანიზაციებმაც შეიტყონ, ვინ დგას აფხაზების უკან და საქართველოს წინააღმდეგ რა პროცესებს მართავს დღეს რუსეთი. თუ მოლაპარაკება არ შედგა, ვერც მტრის რეალურ სახეს გამოვავლენთ, რუსები კი, საქართველოს წინააღმდეგ "ენგურჰესის" გამოყენებას გააგრძელებენ.
- აფხაზური მხარე ავრცელებს ინფორმაციას, რომ გარკვეულ დონეზე ოფიციალურ თბილისთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. რა საკითხები წყდება დღეს კონსპირაციულად?
- რამდენად ვიცით, სამინისტროსთან გზავნილების დონეზე დიალოგი მართლაც მიმდინარეობს, თუმცა შეთანხმებაზე საუბარი გადაჭარბებულია. ეს ისეთივე გადაჭარბებულია, როგორც წინასაარჩევნოდ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისფლების მუქარა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქართველების გამოყრის შესახებ.
- ამ მუქარამ კონკრეტული სახე მიიღო - აფხაზეთში ქართველებს პასპორტების შეცვლას აიძულებენ. მალე ენგურის ხიდთან სათვალთვალო კამერებიც დამონტაჟდება, რაც ქართველებს ენგურის ხიდის გადმოკვეთას მაქსიმალურად შეუზღუდავს და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დღეს არსებული მინიმალური კონტაქტიც საბოლოოდ დაიკარგება.
- აფხაზეთში ქართველებს სავაჭრო ურთიერთობები აქვთ, რომელიც პრაქტიკულად აფხაზეთის მოსახლეობას ასულდგმულებს. თუ აფხაზეთიდან ქართველებს გამოყრიან, ეს როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე რეგიონალურ პოლიტიკაში აფხაზებს სერიოზულ დაღს დაასვამს. დღეს მათ სხვა მიზანი აქვთ - საქართველოს ხელისუფლებას ჭადრაკის დაფა დაულაგეს და სათამაშოდ ეძახიან. ჩვენც უნდა მივიდეთ და მოვუგოთ. ამით კავკასიელებს და ცივილიზებულ სამყაროსაც ვაჩვენებთ, რომ პარტიზანები არ ვართ და არც აფხაზების განადგურების სურვილი გვაქვს. ვიმეორებ, დიალოგი უნდა შედგეს. სანამ ტერიტორიულ მთლიანობას არ აღვადგენთ, აფხაზეთი საქართველოსთვის მუდმივი სატკივარი იქნება. ამიტომ რამდენჯერაც კბილი წამოგვტკივდება, იმდენჯერ უნდა ვუმკურნალოთ. იმისთვის, რომ არ შევრცხვეთ, დიალოგში მაღალი დონის სპეციალისტები უნდა ჩაერთონ. საერთოდ, დიდი მნიშვნელობა აქვს, სიმართლეს რა ხარისხით ამბობ. დღეს მოლაპარაკება რთული ვითარებიდან ერთადერთი სწორი გამოსავალია.
რუსუდან შელია
AMBEBI.GE