"დეზერტირების ბაზრის" მიმდებარე ტერიტორიაზე სახელდახელოდ გაშლილი დახლებიდან გარემოვაჭრეები გამვლელებს ბოსტნეულს, დაკლულ "სოფლის დედალს," კვერცხსა და რძის ნაწარმს სთავაზობენ... "ბიჭი, ამაზე უკეთეს "იმერულს", აქანა ვერსად ნახავ. აგერ, გამისინჯე და მერე სხვისგან აღარ შეიძენ..." - ჯიუტად აძალებდა ასაკოვანი ქალბატონი ახალგაზრდა წყვილს ყველის გასინჯვას და ცელოფანმომარჯვებული, მეორე ხელით სასწორს ეძებდა. მის გვერდით მდგარი ქალბატონი კი "სოფლის კვერცხს" უკეთებდა რეკლამას. "იმისთანა დედლების დადებულია ეს კვერცხი, ამის მყიდველს უკეთესზე უკეთესი 2015 წელი ექნება, რამდენი გინდათ?" - უქებდა დასვრილ კვერცხებს მუშტარს.
არასათანადო პირობების მიუხედავად ასეთ ადგილებს მომხმარებელი მაინც ჰყავს. რამდენად უსაფრთხოა ქუჩაში ნაყიდი საკვები პროდუქტი? ამაზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა, თუმცა იმის გამო, რომ ასეთ ადგილებში გასაყიდათ გამოტანილი პროდუქცია, ბევრად იაფია ვიდრე მარკეტებში, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, მაინც აქ ურჩევნია მისი შეძენა. არადა, ასეთ ადგილებში შეძენილი საკვებით, საფრთხის ქვეშ ვაყენებთ როგორც საკუთარ თავს, ასევე ოჯახის წევრებს. BPN-მა, ყველაზე მაღალი რისკის შემცველი პროდუქტები , მომხარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორთან ერთად შეადგინა. ჩამონათვალი ისეთი პროდუქტებისგან შედგება, რომლებსაც თითქმის ყოველდღიურად მოვიხმართ, მაგრამ შედეგზე ხშირად არ ვფიქრობთ.
ლია თოდუა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორი: "ყველაზე მაღალი რისკის შემცველ პროდუქტებად მიიჩნევა ცხოველული წარმოშობის საკვები, რადგან მალფუჭებადი პროდუქტებია. გარდა ამისა, ისინი შეიძლება შეიცავდნენ სხვადასხვა დაავადებათა გამომწვევებს, კუჭ-ნაწლავის დამაზიანებელ ან გამაღიზიანებელ მიკრობებს. პირველი, რასაც ყველაზე ხშირად მოვიხმართ, ეს არის საქონლის ხორცი. საბედნიეროდ საქართველოში მოგვარდა სასაკლაოების საკითხი და მსხვილფეხა საქონელი ძირითადადთ იკვლება სასაკლაოებზე, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც საქონელს კლავენ სასაკლაოს გარეთ და მაინც ხვდება სამომხმარებლო დახლზე. ერთადერთი, რითაც შეიძლება დავიცვათ საკუთარი თავი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობა, იქ უნდა შევიძინოთ ხორცი, სადაც ზუსტად ვიცით, რომ ლეგალურად დაკლული საქონელი ექნებათ მიღებული. უფრო სასარგებლოა ნედლი ხორცი ვიდრე გაყინული, თუმცა დღევანდელი რეალობა ისეთია, რომ გაყინული ხორცი უფრო უვნებელია, მაგრამ ნაკლებად სასარგებლო. მეორე პრობლემაა ღორის ხორცი. საქონლის სასაკლაოებისგან განსხვავებით, ჩვენს ქვეყანაში ჯერ-ჯერობით არ არის მოგვარებული ღორის სასაკალოს საკითხი, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მართებს საზოგადებას ამ პროდუქტის შეძენისას და მოხმარებისას. ღორის ხორცი სათანადოთ უნდა დავამუშაოდ თერმულად, რათა ტრიქინელოზი არ დაგვემართოს. ეს არის ჭია, რომელიც შეიძლება იყოს ღორის კუნთებში და საკმაოდ რთული პარაზიტული დაავადების გამომწვევი მიზეზი გახდეს. იმ შემთხვევაში, თუ ღორის ხორცი კარგად არ არის თერმულად დამუშავებული და მას აქვს ტრიქინელოზი, ეს ჭია ჩვენს ორგანიზმშიც განვითარდება. მას შეუძლია დააზიანოს ღვიძლი, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ როგორც შემწვარ, ისე მოხარშული ხორცის თერმულ დამუშავებას.