თბილისის ზოოპარკი "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდის მეშვეობით მოსახლეობას მიმართავს და ზოოპარკის ბინადრების ყოველდღიური ყოფის გასამრავალფეროვნებლად, ცოცხალი ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების მათთვის გადაცემას ითხოვს.
"ერთი სათხოვარი გვაქვს თქვენთან. არ დაგვზარდეთ და ბოლომდე წაიკითხეთ ეს პოსტი.
თუ საახალწლოდ ცოცხალი ნაძვის ხე, ან ჩიჩილაკი გქონდათ, რომ დაშლით, პირდაპირ ნაგავში არ გადაუძახოთ. მათი გამოყენება შეიძლება ჩვენი ცხოველების გარემოს გასამდიდრებლად, კერძოდ: სამალავების მოსაწყობად, ბარიერების შესაქმნელად, ყნოსვითი, კვებითი და სენსორული "ენრიჩმენტისთვის", ანუ ზოოპარკის ბინადრების ყოველდღიური ყოფის გასამრავალფეროვნებლად. ყოველივე ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ჩვენი ცხოველები უფრო მხიარულები და აქტიურები იყვნენ, არ მოიწყინონ და სხვადასხვაგვარი საინტერესო გასართობით გაიხალისონ ცხოვრება.
ძალიან გაგვიხარდება, თუ გადაგდების, ან დაწვის ნაცვლად ზოოპარკში მოგვიტანთ ნაძვებსა და ჩიჩილაკებს. ეს ნამდვილად სასარგებლო საქმე იქნება, რადგან გადასაგდებად განწირული საბრალო ნაძვები და ქოჩრიანი ჩიჩილაკები იმქვეყნად წასვლამდე კიდევ ერთ, მეტად საჭირო საქმეს გააკეთებენ - მათი გამოყენება მოხდება ცხოველების კეთილდღეობისთვის; თანაც, ჩვენი ქალაქიც ნაკლებად დანაგვიანდება.
ამ პოსტს რომ წაიკითხავთ წარმოიდგინეთ, როგორ გაუხარდებათ ჩვენს ლემურებს თქვენს ჩიჩილაკზე წამოცმული ვაშლების დანახვა. თქვენი საახალწლო ატრიბუტით ფაქტიურად მათაც მიულოცავთ ახალ წელს. ხოდა გაავრცელეთ ეს თხოვნა, მოუყევით ახლობლებს, მეგობრებს, მეზობლებს... რაც მეტი ადამიანი გაიგებს, მით უკეთესი.
თქვენ ძალიან მარტივად, ყოველგვარი დანახარჯის გარეშე შეგიძლიათ ცხოველების დახმარება.
დაიწყეთ ახალი წელი კეთილი საქმით.
მადლობა, რომ გიყვართ ჩვენი ბინადრები და ზრუნავთ მათზე", - აღნიშნულია ზოოპარკის "ფეიბუქ-გვერდზე".