Ambebi.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც მოქალაქე ია ბუკია ტურისტულ კომპანიას თაღლითობაში ადანაშაულებს, ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი, რევაზ თურმანიძე პასუხობს.
"რაც მანდ წერია, ყველაფერი არის სისულელე. ჩვენ შემოვედით ქართულ ბაზარზე დაახლოებით ორი თვის წინ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ტურ ოპერატორი, რომელიც არის ეგვიპტური კომპანია და პირდაპირ ვთანამშრომლობთ ბაზარზე, გვაქვს ყველაზე დაბალი ფასები. ამ ხალხს გადახდილი აქვთ დაახლოებით 70%-ით ნაკლები, ვიდრე ღირდა ტურები ეგვიპტეში. ჩვენ შევძელით უფრო მეტი ხალხის ჩამოყვანა, ვიდრე სხვა კომპანიებმა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი გაკეთებული არის რომელიმე ჩვენი კონკურენტის მიერ, სპეციალურად ავრცელებენ ხმებს, რომ ჩვენს კომპანიას ბოლო მოუღონ. პირველი ტყუილი, რასაც ია ბუკია ამბობს, არის ის, რომ თითქოს რევაზ თურმანიძე არ აპირებდა ფულის დაბრუნებას. მაქვს ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეადგინა საპატრულო პოლიციამ და ყველამ მისცა თანხმობა, რომ კვირის მაგივრად წასულიყვნენ ორშაბათს, რადგან კვირა დღე იყო და გადარიცხვა ვერ ხერხდებოდა.
მეორე ფაქტი, რომ სასტუმრომ დაპატიჟა გალა ვახშამზე. ნებისმიერ ადგილას, რომ გადამოწმდეს, არსად არ ყოფილა გალა ვახშამი უფასო. იტყუებიან, გალა ვახშამი არის 80$ ყველგან და ჩვენ, კიდევ იაფად, 60$-ად ვთავაზობდით. ია ბუკიამ მაშინ გვითხრა, რომ ჩვენ ნაყიდი გვაქვს გალა ვახშამი "დოლჩე ვიტაში" და არანაირი სხვა გალა ვახშამი არ გვინდა, მაგრამ მაინც მოითხოვა ადგილი და დაესწრო სასტუმროს გალა ვახშამს. მე დავუკავშირდი ია ბუკიას, ვუთხარი, რომ თქვენ დაესწარით გალა ვახშამს და გადაიხადეთ 60$, რომელიც არ გადაიხადა.
მან განაცხადა, რომ 94 ადამიანი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა, ეს არის ტყუილი. 94 კი არა 171 ადამიანი ჩამოვიყვანე და 171 ადამიანი დაბრუნდა უკან. არავინ არ დარჩენილა იქ, მხოლოდ ის ადამიანები დარჩნენ, ვინც ტური გაახანგრძლივა. თითქოს ბავშვები დარჩნენ, დედები დარჩნენ, სასწაული რაღაცები თქვეს, ჩვენ ამაზე სარჩელი უკვე გამზადებული გვაქვს და ძალიან დიდ გადასახადს ვაკისრებ ამის გამო.
თითქოს არ მომიტანეს ბილეთები, ვრეკავდი და არ მპასუხობდნენო, მე მაქვს ქვითარი, სადაც დასტურდება, რომ ია ბუკიამ მიიღო ოთხივე ბილეთი.
ერთადერთი, იყო ის მომენტი, რომ უნდა გაფრენილიყო თერთმეტ საათზე და ამის მაგივრად გაფრიდა დილის ოთხ საათზე. შვიდი საათით ადრე გაფრინდა. ერთადერთი ეს იყო პრობლემა, მაგრამ ეს იცოდნენ, ამის შესახებ, მათ ჩვენმა ტურლიდერმა აცნობა. გაფრენის ღამეს ყველას მიაკითხა ჩვენმა თანამშრომელმა, გაატარა რეგისტრაცია და დააბრუნა საქართველოში. აბსოლუტურად ყველა ტურისტი, ვინც მივიდა აეროპორტში, ჩვეულებრივად გაფრინდა თბილისში," - განაცხადა რევაზ თურმანიძემ.