სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში წერია, რომ ოზურგეთის სპორტული დარბაზი კვლავ სარემონტოა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის დირექტორი გოჩა კვირჩილაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ სარემონტო სამუშაოები 2012 წლის ზაფხულში დაიწყო და მას ფინანსურ მხარესთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
"ეს თანხა გამოყო წინა ხელისუფლებამ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კერძო პირებთან, რომელიც სამშენებლო ფირმებს წარმოადგენდნენ, გააფორმა ხელშეკრულება და ჩვენ, როგორც სამსახურის ადმინისტრაციამ, არც თავი ვიცით ამ თანხის და არც ბოლო. პროექტის განხორციელება რომ უნდა დაწყებულიყო, მოვიდნენ ფირმის წარმომადგენლები, დაათვალიერეს. მხოლოდ ის ვუთხარით, რომ შენობის პირველ სართულზე, საჭიდაო ოთახში ყოველ გაწვიმებაზე პრობლემა იყო, წყალი დგებოდა. ავუხსენით ამის შესახებ და ეს ამბავი მოგვარდა" - ამბობს გოჩა კვირჩილაძე.