ვანიკო თარხნიშვილი ''რუსთავი 2''-ის ერთ-ერთი გამორჩეული ტელეწამყვანია. ბოლო დროს იმასაც კი ხუმრობენ, დუტა გახდა, მალე უთოშიც გამოჩნდებაო. ამჯერად ტელეწამყვანს, მსახიობს და უკვე მომღერალს ''ნიჭიერზე'', ''გამოუვალ მდგომარეობაზე'', ''ჩემი ცოლის დაქალებზე'' და ცოტაოდენი ოჯახზეც ვესაუბრეთ.
ვანიკოს მეუღლე სოფო გელავაა. წყვილს 5 თვის ბიჭი, დამიანე ჰყავს.
- ვანიკო, ეს ''ნიჭიერის'' ბოლო სეზონია. გული ხომ არ გწყდება?
- ამ პროექტმა უზარმაზარი გამოცდილება მომცა, გული დამწყდება, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ პროდიუსერებმა ასე გადაწყვიტეს, როგორც თავიდან ვენდე ამ ადამიანებს, როცა ამ პროექტს ვიწყებდით, ისეთივე ნდობით შევხვდები ამ გადაწყვეტილებასაც. თუ მომენატრება ეს პროექტი, ჩავრთავ საიტზე და ვუყურებ.
- ''ნიჭიერის'' პირველ და ბოლო, მეხუთე სეზონს როცა ადარებ ერთმანეთს, რა განსხვავებას პოულობ?
- წელს საუკეთესო სეზონი გამოვიდა. ეს ლოგიკურიც არის, გუნდმა გამოცდილება შეიძინა, უფრო მობილიზებულები ვართ, მომზადებულები. მონაწილეებმაც უკეთ იციან, რა მოიტანონ, როგორი ხარისხის პროდუქცია შემოგვთავაზონ, წელს უცხოელი მონაწილეებიც გვყავს, რაც პროექტს უფრო მრავალფეროვანს ხდის.
- ეს ''ნიჭიერი'' გამორჩეულია იმითაც, რომ ახალი თანაწამყვანი გყავს. რამდენად კომფორტულია გიორგისთან ერთად მუშაობა?
- თიკასთან და გიორგისთან მუშაობას სხვადასხვანაირი კომფორტი აქვს. მათი შედარება არ შეიძლება. თიკა ჩემი ტყუპისცალივით იყო. ერთი და იგივე აზრები გვქონდა, ერთნაირი შეფასებები მონაწილეებზე. ეს თავისთავად ხდებოდა. გიორგი ჩემი დიდი ხნის მეგობარია და სხვანაირად ვართ შეხუმრებულები, თამამი ურთიერთობა გვაქვს.
- იმდენად თამამი, რომ ერთად იფრინეთ კიდეც სცენაზე.
- ჩვენ სხვადასხვა მეთოდით მანამდეც გვიფრენია, სპექტაკლებზე,… ასე რომ, ამ ორი თანაწამყვანის შედარება არ შეიძლება. ის სხვა ფილმი და სიუჟეტი იყო და ეს - სხვა.
- ''ნიჭიერი'' ფილმია შენთვის?
- ჩვენი ცხოვრება მთლიანად ფილმია.
- შენი ცხოვრება რა ჟანრის ფილმია?
- მრავალფეროვანი. არის კომედიაც, მიუზიკლიც, დრამაც, ფანტასტიკაც კი. ერთადერთი, ტრაგედიები არ მიყვარს და საბედნიეროდ, ეს ჟანრი არ არის ჩემს ცხოვრებაში.
- სიმაღლის არ გეშინია? სცენაზე თოკით დაშვება ადვილი არ უნდა იყოს….
- ამ ნომრის შესრულება საკმაოდ რთული იყო. ქვემოდან რომ იყურები, იმდენად ვერ შეიგრძნობ სიმაღლეს. მაღლა რომ ადიხარ და გადმოიხედავ, რაც უნდა უშიშარი იყო, სიმაღლე მაინც გაფიქრებს.
- წლევანდელ ''ნიჭიერში'' მონაწილედაც კი მოგვევლინე. გადაცმული მჩხიბავი იყავი. უცნაური სურნელოვანი სანთლების წყალობით, ია ფარულავასგან გალახვაც კი დაიმსახურე. იას მწარე ხელი აქვს?
- იმდენად მწარე, რომ უკვე დატკბა.
- ფავორიტები გყავს ამ პროექტში?
- გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ წელს მართლა მომზადებული მონაწილეები მოვიდნენ. ეს პირველ კასტინგზევე იგრძნობოდა. ორმოცი ნახევარფინალისტი საუკეთესოთა შორის საუკეთესოები არიან. ამდენად, გამიჭირდება ვინმეს გამოყოფა. თითოეულ კონკურსანტს ვგულშემატკივრობ.
განაგრძეთ კითხვა