ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების მატებას ეკონომისტები საგანგაშოს უწოდებენ და ხელისუფლებას საკრედიტო საქმიანობის შესახებ კანონის სასწრაფოდ მიღებისკენ მოუწოდებენ. მათი აზრით, ასეთი ორგანიზაციების მომრავლება არც ქვეყნის ეკონომიკას და მით უფრო, არც გაღატაკებულ მოსახლეობას არ წაადგება.
ონლაინ სესხების გამცემი საკრედიტო ორგანიზაციები ქართულ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდნენ. მათი გაცემული პირველი კრედიტი უპროცენტოა და ამ ფაქტს რეკლამას ინტენსიურად უწევენ, თუმცა მეორედ და მესამედ აღებული სესხების საპროცენტო განაკვეთზე არაფერს ამბობენ. დღესდღეობით საქართველოს ბაზარზე ონლაინ სესხს ათზე მეტი კომპანია გასცემს. თანხა, საშუალოდ, 50-დან 700 ლარამდე მერყეობს. საკრედიტო ორგანიზაციები მომხმარებელზე მოკლევადიან მცირე კრედიტებს ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე გასცემენ, რომლის დამტკიცებასაც 15 წუთიდან 1 საათამდე დრო სჭირდება. სესხის ასაღებად ერთადერთი მოთხოვნა კლიენტის ასაკია. საკრედიტო ორგანიზაციები კლიენტის მინიმალურ ასაკად 20-21 წელს ასახელებენ.
რაც შეეხება პირობებს, რომელიც სესხის მიმღებისთვის სავალდებულოა, იგი სიმარტივესთან ერთად, მიმზიდველიცაა. მომხმარებელს მხოლოდ მის მიერვე შერჩეული კომპანიის ვებგვერდზე მოცემული აპლიკაციის შევსება ევალება. მითითებულ კალკულატორზე მან უნდა აირჩიოს სასურველი თანხა და ვადა, დააჭიროს ღილაკს - "სესხის აღება", შეავსოს რეგისტრაციის ველები და გაიაროს იდენტიფიკაცია.
აღსანიშნავია, რომ პირველი უპროცენტო სესხი მხოლოდ ზოგიერთ საკრედიტო ორგანიზაციას აქვს, უმეტესობა კი მსგავს შეღავათს მომხმარებელს არ სთავაზობს. გამარტივებული პირობების მიღმა უპრეცედენტოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთებია. მომხმარებელს, რომელიც ონლაინ სესხით სარგებლობს, ყოველთვიურად 30-32%-ის გადახდა უწევს, ხოლო წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მოცულობა 392%-ია. სპეციალისტების ინფორმაციით, ასეთი სესხების უმრავლესობა კი 500-დან 1500 ლარამდე თანხაზე მოდის. მაღალი საპროცენტო განაკვეთების მიუხედავად, ონლაინ კომპანიები მომხმარებლებისთვის მიმზიდველი ხდება და მათი პოპულარობაც დღითიდღე მატულობს.