"იმედის დილის" მომხიბვლელ წამყვანებს თაკო ჩორგოლაშვილსა და სალომე შანშიაშვილს ტელევიზიაში შევხვდით. სტუდიაში პოზირების შემდეგ მათ მეგობრობასა და ახალ წელზე ვისაუბრეთ.
- სალომე, უფრო მეტი მოუყევი ჩვენს მკითხველს საკუთარ თავზე.
- რამდენჯერმე მქონდა შემოთავაზება ინტერვიუზე, მაგრამ უარი ვთქვი, არ მინდა და არ მომწონს პირად საკითხებზე ლაპარაკი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პირადი ცხოვრება ოფიციალური და რეესტრში გატარებულია (იღიმის). მყავს მეუღლე, საბა კარტოზია, რომელიც მცირე ბიზნესითაა დაკავებული და ორი შვილი - 4 წლის ნია და 7 წლის ნიკუშა. დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, მერე - მაგისტრატურა მედიამენეჯმენტის განხრით, მას შემდეგ ჩემი ცხოვრება უკავშირდება "იმედს". ყველაფერი დაიწყო "დუბლიორით", მერე ცოტა ხანს იყო "იმედის დილა", "ქრონიკა", ახლა ისევ "იმედის დილაში" ვარ, პარალელურად ვმუშაობ "ქრონიკაშიც", ასევე ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორის მოადგილე ვიყავი დაახლოებით ერთი წელი. ესაა ის ინფორმაცია, რაც მინდა, ჩემ შესახებ იცოდნენ, იმის იქით იმედია, სალაპარაკოს არაფერს მივცემ (იღიმის).
- როგორ უთავსებ ოჯახს, შვილებს, სამსახურს, როცა დილის 5 საათზე გიწევს სახლიდან გასვლა?
- ბავშვები რაც უფრო იზრდებიან, ერთმანეთთანN ურთიერთობის უფრო მეტი მოთხოვნილება გვაქვს, სულ მინდა, მალე წავიდე სამსახურიდან და მეტი დრო გავატარო შვილებთან, შეიძლება გვიან, როცა დაიძინებენ, სახლიდან გავიდე, მაგრამ სანამ ღვიძავთ, მინდა, მათთან ერთად ვიყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი მეუღლე გმირია, რადგან ჩემს რეჟიმს უძლებს.
- რამდენ წელს ითვლის შენი და თაკოს მეგობრობა?
თაკო:
- 5 წელიწადს. მე რომ "იმედში" მოვედი, სალომეც ახალი მისული იყო და ერთმანეთი აქ გავიცანით.
სალომე:
- გაცნობისთანავე გამოიკვეთა, რომ დავმეგობრდებოდით, პრინციპში, ამას დიდი დრო არც დასჭირვებია. მართალია, მე და თაკო ბავშვობიდან ერთად არ მოვდივართ, მაგრამ თვალდახუჭული ვენდობი და ნებისმიერ საკითხზე შემიძლია ვესაუბრო.
თაკო:
- ამ ურთიერთობამ გამზარდა, ბევრი რაღაც სხვანაირად დამანახვა, გარკვეულწილად შემცვალა, უფრო თვითმყოფადი და ჩამოყალიბებული გავხდი. სალომე ჩემზე დიდია, ჩემზე მეტი გამოცდილება აქვს, მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს კარიერაში, ოღონდ ეს ყველაფერი ჩემს მიღმა ხდებოდა, შემდეგ ვხედავდი, რომ ეს ადამიანი თურმე ძალიან ბევრ რამეს აკეთებდა იმისთვის, რომ წინ წავსულიყავი. ამ ყველაფერს მოგვიანებით რომ იგებ, ძალიან გსიამოვნებს და გეამაყება ის ადამიანი.
იხილეთ გაგრძელება