თურქეთის ქალაქ სამსუნის საზღვაო ნავსადგურის მისადგომებთან, სადაც უკრაინული გემი მეჩეჩზე შეჯდა და შესაძლოა ჩიაძიროს, სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. გემზე სხვადასხვა ქვეყნების მეზღვაურებთან ერთად წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება.
გემი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული და მის ტრიუმებში უკვე შევიდა წყალი. თურქული მედიის ცნობით, სპეციალური სამაშველო სამსახურის გარდა სამაშველო ოპერაციებში ვერტმფრენიც ჩაერთო, რათა დროულად მოხდეს მეზღვაურთა ევაკუაცია. სამაშველო ოპერაციებს ძლიერი შტორმი აფერხებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გემიდან უკვე გამოყვანილები არიან ქართველი მეზღვაურები კახა იაკობაძე და გივი სურმანიძე.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ანანო გომართელი აცხადებს, რომ ინფორმაციას ფლობენ, თუმცა დეტალები ამ დროისათვის უცნობია და სააგენტო ცდილობს დეტალების გარკვევას.