გასულ წელს 30 844 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა, აქედან ყველაზე მეტმა - 3 307 - სექტემბერში მოაწერა ხელი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამოქალაქო რეესტრიდან აცნობეს, ყველაზე მეტი წყვილის ქორწინება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, მარნეულში, მცხეთაში, სიღნაღში, თელავსა და ახალქალაქში დარეგისტრირდა. რაც შეეხება ქორწინების საშუალო ასაკს, გასულ წელს მამაკაცები 31 წლის ასაკში, ხოლო ქალბატონები 28 წლის ასაკში ქორწინდებოდნენ.
ამასთან, 2014 წელს დაქორწინებულთა შორის 24 135 მამაკაცი ქალბატონზე უფროსი ასაკის იყო, ხოლო 6 700 შემთხვევაში პირიქით – ქალბატონი იყო მეუღლეზე უფროსი ასაკის.
საქართველოში ფუნქციონირებს 10 ქორწინების სახლი, მათ შორის სიღნაღის ქორწინების სახლი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. გასულ წელს სიღნაღის ქორწინების სახლში 57-მა წყვილმა 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში დაარეგისტრირა ქორწინება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეები 2014 წლის განმავლობაში დაქორწინდნენ საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში. 86-მა წყვილმა საბერძნეთში (ათენში), 44 წყვილმა ესპანეთში, ხოლო 29 მათგანმა იტალიაში, რომში მდებარე საქართველოს საელჩოში მოაწერა ხელი.
რაც შეეხება გასული 6 წლის სტატისტიკას, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2013 წელს 34 394 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა, 2012 წელს – 29 932 წყვილის, 2011 წელს – 30 861, 2010 წელს – 34 449, 2009 – 31 796, ხოლო 2008 წელს 24 696-მა წყვილმა იქორწინა.
გამოყენებულია ლაშა-გიორგი ფალავანდიშვილის ფოტო