წინასაახალწლო სამზადისთან დაკავშირებით ქალაქის მერიამ გაგვაფრთხილა, რომ ქამრების შემოჭერის მიზნით, წელს ბიუჯეტიდან მოკრძალებულ თანხას გაიღებდა - არ შეიძენდა ახალ განათებებს და არც ახალ ნაძვის ხეს. მიუხედავად ამისა, ევროპის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედნის მიმდებარედ, საახალწლო სოფელი ტრადიციულად მაინც გაიმართა და ხალხმრავლობაც შეინიშნება. ამ ადგილების მონახულება და ევროპულ საშობაო ბაზრობებთან შედარება გადავწყვიტე, თუმცა განსაკუთრებული სანახაობის მოლოდინი არ მქონია...
პირველი სკოლის წინ ბავშვების ჟრიამული ისმის. აქტიური გართობის მოყვარული პატარები ბატუტზე ხტუნაობენ და მშობლების ძახილს არაფრად აგდებენ, ცდილობენ ათწუთიანი პერიოდი გაიხანგრძლივონ. არც ბატუტის მეპატრონე უშლის ხელს ცელქობაში და 10 წუთი ორმაგდება, ოღონდ ეს ფასზე არ აისახება. ცნობისთვის, ბატუტზე 10 წუთი ხტუნვა 2 ლარი ღირს. ბატუტის მეპატრონე დავით კალანდაძეა. მეუბნება, რომ მერიის თხოვნით 1-7 იანვარს, სწორედ ამ ტერიტორიაზე უნდა იყოს განთავსებული ბატუტი: "წინა წლებში მსგავს გასართობს აქ ვერ ნახავდით. ჩემი ბატუტი ვიზუალური მხარისა და უსაფრთხოების მიხედვით შეარჩიეს. საქართველოში ძირითადად ხელნაკეთი ბანჯები და ბატუტებია, ჩვენ კი სპეციალურად ამერიკიდან ჩამოტანილი ქარხნული წესით დამზადებულები გვაქვს და სანდოობაც მაღალია. 1 იანვრიდან დღემდე დაახლოებით 1500 ლარი ვიშოვე, არ ვარ უკმაყოფილო", - ამბობს დავით კალანდაძე.
იქვე ახლოს მიზანში სროლის მოყვარულებისთვის ტირის კუთხეა მოწყობილი. 10 სროლა 3 ლარი ღირს. თუ ათივეს მიზანში მოარტყამთ, საჩუქრად დამსახურებულ ბეწვის სათამაშოს გადმოგცემენ. პრიზები განსაკუთრებული არ არის, თუმცა შინ ხელცარიელ მისვლას, ალბათ, სჯობს.
თელაველ გლეხს ჭკუა უხმარია - ფულის შოვნის მარტივ ხერხს მიაგნო. ,,სადღეობო გასართობი" - ასე ჰქვია თამაშს, რომელიც, როგორც ამბობს, მისი მოგონილია. კამათლების თითო გაგორება 2 ლარი ღირს. თუ ციფრების ჯამი ქაღალდზე დაწერილ რომელიმე რიცხვს დაემთხვევა, შესაბამის თანხას მოიგებთ. აზარტში შესულმა ბედი ვცადე, თუმცა, ამაოდ- თქვენ ნული ლარი მოიგეთო, მახარა დიდის ამბით და 2 ლარი გამომართვა. ვინაობა არ გამიმხილა, თუმცა ის კი გავიგე საუბრისას, რომ ამ მარტივი ხერხით დღეში 20-30 ლარს თავისუფლად შოულობს თელაველი პაპა.
იქვე ჩამწკრივებულ დახლებს ჩინური სათამაშოები, ფერად-ფერადი პარიკები და ჭრელი ბუშტები ,,ამშვენებს". ყველა გამყიდველს უკმაყოფილო სახე აქვს და კამერის დანახვაზე გარბიან. ბუშტი 2 ლარი ღირს, ნიღაბი 3 ლარი, პარიკი - 6. ვერაფერს ვყიდითო წუწუნებენ. სააკაშვილის დროს გარე ვაჭრობით მაინც ვირჩენდით თავს, ახლა კი ამასაც გვიკრძალავენო. ყველაზე სახალისო კუთხეს ნაძვის ხესთან მივაგენი. ერთ გლეხს რაიონიდან თხა ჩამოუყვანია, პატარა ხის ტახტრევანზე შეუყენებია და წარწერაც გაუკეთებია ,,სამახსოვრო 2015 წლის ფოტო". მეც თხასთან სამახსოვრო ფოტოს გადაღების საფასურით დავინტერესდი. 2 ლარიო - მპასუხობს პაპა, მაგრამ ვისაც არ აქვს მაგის გამო გულს ხომ არ დავწყვეტო, უფასოდაც პოზიორობენ ჩემს ლამაზ თხასთან ერთადო.
გაგრძელება