პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელის, ნანა სანაიას განცხადებით, დღეს აფთიაქში იყიდება წამლები, რომელიც "სასიკვდილო მედიკამენტების" სიაში ირიცხება. მისი თქმით, ეს ის ფსიქოტროპული მედიკამენტებია, რომელთა გამოყენებითაც, ნარკოტიკული საშუალებების კუსტარულად დამზადებაა შესაძლებელი. გარდა ამისა, სანაია ამბობს, რომ მედიკამენტები კიბოს, გულის შეტევასა და სიკვდილს იწვევს. ასევე, მან განაცხადა, რომ საქართველოში არ გადაიხედა იმ მედიკამენტთა სია, რომელთა რეალიზაციაც უცხოეთში სასტიკად არის აკრძალული.
ბეჭდურ მედიაში ინტერვიუს გავრცელებას მალევე მოჰყვა "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს" პასუხი იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც ნანა სანაიამ ისაუბრა. ნანა სანაიას ბრალდებას და რეგულირების სააგენტოს პასუხს პუნქტობრივად შემოგთავაზებთ.
ნანა სანაია:
რამდენიმე წლის წინათ, ევროპის სამედიცინო სააგენტომ ოფიციალურად გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი, სახელად "ავადია", აიკრძალა და გამოცხადდა, რომ ბრიტანული კომპანია "გლასკო სმიტს კლაინის" მიერ გამოშვებულ ამ პრეპარატთან ერთად, აკრძალული იქნებოდა მათი ანალოგები "ავანდამენტი" და "ავაგლიმი". ვეძებე საქართველოში აკრძალული პრეპარატების სია და ვერ ვნახე, წესით, ამდაგვარ სიაში უნდა იყოს მითითებული, რომ "ავანდია" თუ გაიყიდება ჩვენთან ქსელში, ეს უნდა იყოს დასჯადი და ეს სია კი უნდა ჰქონდეს ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც ნაკროტიკებთან ერთად, მსგავსი წამლებიც უნდა იყოს დასახელებული.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო:
"რაც შეეხება "ავანდია"-სა, და ზოგადად, როლიგლიტაზონის შემცველ საშუალებებს, განვმარტავთ, რომ მისი შემცველი ფარმაცევტული პროდუქტებიდან საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვებული იყო მხოლოდ შემდეგი სავაჭრო დასახელების პრეპარატები: "Avandamet, 2მგ/500 მგ აბი N 28", "Avandamet, 1მგ/500 მგ აბი N 28" (მწარმოებელი Glaxo Welcome, ესპანეთი), "Roglit, 4 მგ გარსით დაფარული აბი N 30" და "Roglit, 8 მგ გარსით დაფარული აბი N 30" (მწარმოებელი "გედეონ რიხტერი", უნგრეთი). ევროკავშირის ქვეყნებში აღნიშნული გენერიული საშუალებების გამოყენების აკრძალვის საფუძველზე (EMA recommendation: 23/09/2010; European Comission decision: 3.12.2010) სააგენტოს უფროსის 2010 წლის 28 სექტემბრის N 720/ო ბრძანებისა და 2010 წლის 12 ოქტომბრის N 771/ო ბრძანების საფუძველზე გაუქმებული იქნა როლიგლიტაზონის შემცველი, ზემოთმოყვანილი სამკურნალო საშუალებების რეგისტრაცია.
ნანა სანაია:
დასავლეთის პრესაში დღემდე აქტიურად განიხილება პრეპარატ ლევომიცეტინის საკითხი, სადაც მას ეწოდება ქლორამფენიკოლი და ის შეტანიალია "შავ სიაში".
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო:
ქლორამფენიკოლი (ლევომიცეტინი) წარმოადგენს ფართო სპექტრის მოქმედების ფენიკოლების ჯგუფის ანტიბიოტიკს, რომელიც ხასიათდება მაღალი ტოქსიურობით (ძვლის ტვინის სუპრესიით გამოწვეული აპლასტური ანემია და მძიმე სისტემური ალერგიული რეაქციები). იგი მიეკუთვნება მეორე რიგის ანტიბიოტიკურ სამკურნალო საშუალებების რიცხვს, გარდა ბაქტერიული კონიუნქტივიტის (ტრაქომის) მკურნალობისა, როდესაც ის პირველი რიგის სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს. მისი ეფექტურობისა და სიიაფის გამო, იგი რეგისტრირებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და შედის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ესენციალური (სასიცოცხლო მნიშვნელობის) სამკურნალო საშუალებების უახლესი მე-18 გამოცემის ნუსხაში:
http://en.wikipedia.org/wiki/WHO_Model_List_of_Essential_Medicines.
ნანა სანაია:
შემდეგი პრეპარატი, რომელიც ჩვენს სააფთიაქო ქსელში იყიდება, სახელდება კორტიზონი. დასავლეთის პრესა ბევრს წერდა მასში შემავალ სტეროიდულ, ანუ ხელოვნურ ჰორმონებზე. არაფრით არ შეიძლება ბუნებრივი და ხელოვნური, ანუ სინთეტური ჰორმონების ერთმანეთში არევა, ვინაიდან ის იწვევს ნივთიერებათა ცვლის მოშლას, კიბოს. 2000 წელს გამოჩნდა კორტიზონის ბევრად უფრო აქტიური ფორმა - ჰიდროკორტიზონი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჰიდროკორტიზონი შეტანილია სასიცოცხლოდ აუცილებელი პრეპარატების ნუსხაში და ყოველთვის არის სასწრაფოს ექიმის ჩანთაში. ამ დროს, ვიმეორებ, ეს პრეპარატი აკრძალულია ევროპაში.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო:
კორტიზონის სამკურნალო პრეპარატები არ არის და არ ყოფილა რეგისტრირებული საქართველოში. რაც შეეხება ჰიდროკორტიზონს, ის წარმოადგენს გლუკოკორტიკოიდულ ჰორმონს და მისი ეფექტურობისა და უსაფრთხოების შეფარდების გამო შედის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ესენციალური (სასიცოცხლო მნიშვნელობის) სამკურნალო საშუალებების უახლესი მე-18 გამოცემის ნუსხაში:
ჰიდროკორტიზონის შემცველი ყველა პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს ინფორმაციას, რომ ის წარმოადგენს სტეროიდულ (კორტიკოსტეროიდულ) საშუალებას.
http://en.wikipedia.org/wiki/WHO_Model_List_of_Essential_Medicines
http://insurance.ssa.gov.ge/recepti/camlebi?SearchText=hydrocortison&QartuliKlaviatura=false
გარდა ამისა, "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს" დართული აქვს შემდეგი შინაარსის განცხადება: " რაც შეეხება სამკურნალო საშუალებებს "კორვალოლს" და "ვალოკორდინს", რომლის შემადგენელ ერთ-ერთ აქტიურ სუბსტანციას - "ფენობარბიტალს" სტატიის ავტორები მოიხსენიებენ, როგორც ნარკოტიკულ საშუალებას, განვმარტავთ, რომ გაეროს კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ეს უკანასკნელი მიეკუთვნება ფსიქოტროპულ ნივთიერებებს და არა ნარკოტიკულ საშუალებებს. ეს პრეპარატები წარმოადგენენ კომბინირებულ საშუალებებს, ერთ-ერთი კომპონენტის სახით შეიცავენ ფენობარბიტალს, თუმცა არ მიეკუთვნებიან კანონმდებლობით განსაზღვრულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტების ნუსხას. ამასთან, მათი რეგულარული მიღებისას ან არამიზნობრივი გამოყენებისას ჩამოყალიბებული დამოკიდებულების შესახებ სამედიცინო პერსონალიდან, მათ შორის ნარკოლოგებიდან, რაიმე შეტყობინება სააგენტოში არ შემოსულა. დამატებით განვმარტავთ, რომ ვალოკორდინი გერმანული წარმოების პროდუქტია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იგი ევროპაში მიმოქცევაშია. ამასთან, კომბინირებული პრეპარეტები კი არა, თავად ფენობარბიტალის საინექციო და პერორული წამლის ფორმებია შეტანილი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ესენციალური (სასიცოცხლო მნიშვნელობის) სამკურნალო საშუალებების ნუსხაში: http://apps.who.int/iris/bitstream/10665/93142/1/EML_18_eng.pdf?ua=1
გაოცებას იწვებს მტკიცებულება ვალიდოლის შემადგენლობისა და გამოყენების რისკებთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი საერთოდ არ შეიცავს ფენობარბიტალს.
დასასრულს, აღვნიშნავთ, რომ მსგავსი პუბლიკაციები ემსახურება არა პაციენტების უფლებების დაცვას, არამედ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. მით უფრო, რომ ანალოგიური შემადგენლობის პერორალურ ფორმებზე (მაგ. ტაბლეტი "კორსიზი") სტატიაში არაფერია ნათქვამი.
საინტერესოა, რა ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა სტატიის ავტორი და მისი რესპოდენტი, როდესაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიმოქცევაში მყოფი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ესენციალური (სასიცოცხლო მნიშვნელობის) სამკურნალო საშუალებების ნუსხაში შემავალი მედიკამენტებს "მომაკვდინებელი წამლების სია"-ში აერთიანებენ", - ნათქვამია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გიორგი ხარშილაძე
AMBEBI.GE