ნინოწმინდის რაიონში, საქართველო- სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე დიდთოვლობის და ქარბუქის გამო გზაში ჩარჩენილი ავტომობილებიდან სამართალდამცველებმა სამაშველო ჯგუფებთან ერთად დაახლოებით 200 ადამიანი გამოიყვანეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი აცხადებს, მათ შორის ბავშვები და მოხუცებიც არიან.
"პოლიციელებმა 200- მდე მოქალაქე გადაარჩინეს. ნინოწმინდის რაიონში, საქართველო- სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე დიდთოვლობის და ქარბუქის გამო გზაში ჩარჩენილი ავტომობილების და მოქალაქეების გამოსაყვანად მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ნინოწმინდის და ახალქალაქის რაიონული სამმართველოების თანამშრომლები. სამართალდამცველებმა სამაშველო ჯგუფებთან ერთად დაახლოებით 200 ადამიანი გამოიყვანეს თოვლიდან, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები, რომლებიც რაიონში მცხოვრები პოლიციელების სახლებში გადაანაწილეს. ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს უფროსმა, გიორგი კიკალიშვილმა წლის და სამი თვის ბავშვი მშობლებთან ერთად თოვლიდან გამოიყვანა და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა", - აცხადებს გიორგობიანი.
მისივე განმარტებით, სამართალდამცველები და სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე აგრძელებენ სამუშაოებს."თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოჰყავთ და უსაფრთხო ადგილზე გადაჰყავთ. ადგილზე საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა მუშაობს, აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები", - განმარტავს გიორგობიანი.