ინტერვიუს რომ გაძლევდი, მაშინ ვერც ვიოცნებებდი, ჩემი ცხოვრება ოდესმე ასე თუ შეიცვლებოდა, ახლა კი სიხარულისგან დეპრესია მაქვს.
ჩემი პროფესიის ადამიანებისთვის ყოველი სამუშაო დღე მნიშვნელოვანია, რადგან ახალ ფაქტს, მოვლენას, პროცესს ესწრები, ეცნობი ადამიანებს. წლის ბოლოს კი, როცა ერთგვარ შეფასებას აკეთებ, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანის ამორჩევა გიძნელდება. თუმცა, არის ერთი ადამიანი, რომლის ცხოვრება "გზაში" დაბეჭდილმა სტატიამ უკეთესობისკენ შეცვალა. ერთ დღეს, სოციალურ ქსელში პოეტმა ლელა ნინუამ ერთი გოგონას შესახებ მიამბო, - ის ღამით მეეზოვედ მუშაობს, რათა სწავლის საფასურის გადახდა შეძლოს, დღისით კი ლექციებს ესწრება. მაგრამ მისი ინტერვიუზე დაყოლიება გაგიჭირდება, რადგან ძალიან თავმდაბალი გოგონა არისო... ასეც მოხდა. თიკოს დიდხანს ვუხსნიდი, თუ რატომ იყო ის ჩემთვის საინტერესო რესპონდენტი. მერე კი, როცა მის შესახებ სტატია დაიწერა, თიკო მახათაძე საზოგადოებამ არა მარტო გაიცნო, არამედ შეიყვარა კიდეც. მის ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მკითხველს შევახსენებთ, თიკო 23 წლის სტუდენტია და მეოთხე წელია, კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობს, სწავლის საფასურს თავად იხდის. ღამე გორის ქუჩებს ასუფთავებს, დილას კი, შინ დაბრუნებული, სპეცტანსაცმელს იხდის და უნივერსიტეტში გარბის, ლექციებს ესწრება...
წარმოშობით ხაშურელი გოგონა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარული ფაკულტეტის - ისტორიის სპეციალობის სტუდენტია. უკვე წლებია, მუშაობს არასამთავრობო ორგანიზიცია "ქართლ-ოსში". თიკო საოცრად აქტიური ადამიანია, ძალადობის წინააღმდეგ კამპანიებსაც აწყობს; არასამთავრობოს ეგიდით არაერთხელ ყოფილა უცხოეთში სემიანრებსა და ტრენინგზე და რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, იქ, სადაც ესა თუ ის ორგანიზაცია მის ხარჯებს სრულად ვერ ფარავს, თიკოს კიდე ერთი სამსახურის შეთავსება არ უჭირს და რაც მთავარია, ეს არც ეზარება...
"ოჯახის წევრებსა და ნათესავებსაც შეეძლოთ, დამხმარებოდნენ, მაგრამ მირჩევნია, ყველაფერს საკუთარი შრომით მივაღწიო... არა მგონია, რაიმე განსაკუთებულს ვაკეთებდე, ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ და ვცდილობ, საკუთარი მიზნების მისაღწევად ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენო... თავიდან დილის 4 საათზე ვდგებოდი, მაგრამ უნივერსიტეტში წასვლამდე დასვენებასა და თავის მოწესრიგებას ვერ ვასწრებდი. ამიტომაც, ახლა უფრო ადრე ვიღვიძებ. დაახლოებით ოთხ წელზე მეტია, ღამის პირველ საათზე ვდგები და ორზე უკვე სამსახურში ვარ", - თქვა მან ჩვენთან ინტერვიუში, ჩვენ კი იმედი გამოვთქვით, რომ თიკოს ინტერვიუ ბევრი ადამიანისთვის ცხოვრების სტიმული იქნებოდა. განაგრძეთ კითხვა