"ჩვენ ბევრი ისეთი ტრადიცია გვაქვს, რომელიც ევროპისთვის სამაგალითოა. თამარ მეფეს თავისი მეფობის ხანაშივე ჰქონდა პარლამენტი, რომელიც ინსტიტუტად შემდეგ ჩამოყალიბდა. ასე რომ, XII საუკუნეში მოვახერხეთ ის, რასაც სხვა ქვეყნებმა XX საუკუნეში ძლივს მიაღწიეს", - აღნიშნა ქალბატონმა ლალი ბადურაშვილმა ჩვენთან ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე საუბრისას.
- მეც და ჩემი თაობის ადამიანებიც ძალიან ტრადიციულები ვართ. მიყვარს ქართული ტრადიციები, მაგრამ არ მომწონს, როცა მათ ამახინჯებენ. არაჩვეულებრივია ქართული სუფრა, სადაც ბევრი რამის დემონსტრირება ხდება, მაგრამ ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოები, გადამთვრალი კაცები ძნელი ასატანია, ასეთ შემთხვევაში სუფრა თავის ღირებულებას კარგავს. მე ცხოვრებამ არაჩვეულებრივ ხალხთან შემახვედრა, ესენი იყვნენ გოგლა ლეონიძე, იოსებ ნონეშვილი, ირაკლი აბაშიძე, ნოდარ დუმბაძე, გიგა ლორთქიფანიძე და კიდევ ბევრი და ბევრი. ერთიმეორესთან დავდიოდით სტუმრად, ერთად ვუსხდებოდით სუფრას და მათთან ერთად დროის გატარება მართლა დიდი სიამოვნება იყო.
ამას წინათ ერთმა ჩემმა მეგობარმა ქალმა რესტორანში გადაიხადა დაბადების დღე, ერთი მაგიდა დავიკავეთ, ისეთი ხმაური იყო, ერთმანეთს ვერ დაველაპარაკეთ, საათ-ნახევარში ავდექით და წამოვედით. იქ მისი ქალიშვილი იყო, ამხანაგებითურთ, ახალგაზრდები ცეკვავდნენ, ერთობოდნენ. ამ თანამედროვე ცეკვას მე როკვას ვეძახი, ერთი თავისთვის იკლაკნება, მეორე - თავისთვის. ერთმანეთს რას აგებინებენ, არ ვიცი. ჩემს პერიოდში უფრო მშვიდი მუსიკა იყო, ერთმანეთს ვესაუბრებოდით, ვიღაც რომ კომპლიმენტს მეუბნებოდა, ვიგებდი, ან ვპასუხობდი, ან გავუქარწყლებდი, ეს თქვენს თაობაში როგორ ხდება, ვერ ვხვდები, ან სად ასწრებთ გოგო-ბიჭი დაახლოებას? ქუჩაში ტელეფონით დარბიხართ, სუფრასთან და რესტორნებში საშინელება ხდება, მიდის როკვა...
- ოჯახის შექმნამდე თანაცხოვრებაზე რას ფიქრობთ?
- ძალიან რთული კითხვაა, ბევრჯერ მიფიქრია ამაზე. ჩემს ახალგაზრდობაში 2-3 წელი უნდა გევლო ბიჭთან და მერე გაჰყოლოდი. იმ პერიოდში ჩვენი სასეირნო ადგილი იყო რუსთაველი. ჩემზე უფროსი ბიძაშვილები მყავდნენ და მეუბნებოდნენ, ერთხელ რომ აივლი ამ ქუჩაზე, მეორედ აღარ ჩამოიარო, რომ არ თქვან, ბევრს სეირნობსო. ეს, ჩემი აზრით, გადამეტებული იყო, გარკვეული ჩარჩოები, რომელშიც ჩემი თაობა იჯდა, მოიხსნა, მაგრამ თუ ჩვენ ეკლესიურები და მართლმადიდებლები ვართ, უნდა მივყვეთ იმ გზას, რასაც ეკლესია გვასწავლის, წინასწარ თანაცხოვრებას კი ეკლესია კრძალავს. თუმცა, ისიც ხშირად ხდება, როცა ბიჭი და გოგო 2-3 წელი დადიან ერთად, თანაცხოვრების შემდეგ კი ურთიერთობას ვერ აწყობენ, ერთი ჭერი სხვა რამეა. წყვილი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ დათმობა მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთობას ვერ შეინარჩუნებენ. როცა მათ ცხოვრებაში ბავშვიცაა, დაშორების შემთხვევაში პატარა იჩაგრება, ამის გათვალისწინებით შეიძლება ვთქვათ, რომ გერლფრენდ-ბოიფრენდობის ინსტიტუტი უფრო ამართლებს, მაგრამ ეკლესია სხვას გვეუბნება. ამიტომაც ვამბობ, ამ კითხვაზე პასუხი ძნელი გასაცემია.
არ შეიძლება, ქალი მუდმივად კაცს ეჯიბრებოდეს.
გაგრძელება