მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს.
საგარეო ვალის ამსახველ მაჩვენებლებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს, რომლის ცნობით, საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, "საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის" - 2003, შესაბამისად.
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 13.1 მლრდ აშშ დოლარი (23.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 79.4 პროცენტია; აქედან, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 5.3 მლრდ აშშ დოლარი (9.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 32.0 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.2 მლრდ აშშ დოლარი (7.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.1 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 262.3 მლნ აშშ დოლარი (459.6 მლნ ლარი; მშპ-ს 1.6 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ვალი - 874.3 მლნ აშშ დოლარი (1.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.3 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 2.6 მლრდ აშშ დოლარი (4.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 16.0 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 3.4 მლრდ აშშ დოლარი (5.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 20.3 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.7 მლრდ აშშ დოლარი (4.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 16.4 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 93.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
2014 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 49.6 მლნ აშშ დოლარით (86.5 მლნ ლარით) შემცირდა, აქედან ვალი საკურსო ცვლილების გამო 199.2 მლნ აშშ დოლარით (347.6 მლნ ლარით) შემცირდა, ხოლო ფასის ცვლილებების გამო - 17.1 მლნ აშშ დოლარით (29.8 მლნ ლარით). ამავე კვარტალში ოპერაციული ცვლილებების გამო მთლიანი საგარეო ვალი 155.5 მლნ აშშ დოლარით (271.4 მლნ ლარით) გაიზარდა, ხოლო სხვა ცვლილებების გამო - 11.2 მლნ აშშ დოლარით (19.5 მლნ ლარით).
სამთავრობო სექტორის უცხოური ვალდებულებები საანგარიშო პერიოდში 7.0 მლნ აშშ დოლარით (12.3 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების შედეგად ვალი 157.1 მლნ აშშ დოლარით (274.1 მლნ ლარით) გაიზარდა, ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო შესაბამისად 139.4 და 10.7 მლნ აშშ დოლარით (243.2 და 18.6 მლნ ლარით) შემცირდა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 26.0 მლნ აშშ დოლარით (45.4 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან ოპერაციული ცვლილებების გამო კლებამ 14.5 მლნ აშშ დოლარი (25.3 მლნ ლარი) შეადგინა, ხოლო საკურსო ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 11.5 მლნ აშშ დოლარით (20.1 მლნ ლარით) შემცირდა. ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 262.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 213.5 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.
აღნიშნულ პერიოდში საბანკო სექტორის საგარეო ვალდებულებები 37.2 მლნ აშშ დოლარით (64.9 მლნ ლარით) გაიზარდა, აქედან 61.4 მლნ აშშ დოლარით (107.1 მლნ ლარი) ზრდა გამოწვეული იყო ოპერაციული ცვლილებების შედეგად. ხოლო საკურსო და ფასის ცვლილების გამო საბანკო სექტორის ვალდებულებები შესაბამისად 20.8 მლნ აშშ დოლარით და 3.4 მლნ აშშ დოლარით (36.4 და 5.9 მლნ ლარით ) შემცირდა.
სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებები 59.5 მლნ აშშ დოლარით (103.8 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან 67.5 მლნ აშშ დოლარით (117.9 მლნ ლარით) შემცირდა არასაფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულე¬ბები, ხოლო არასაბანკო საფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულებების ზრდამ 8.1 მლნ აშშ დოლარი (14.1 მლნ ლარი) შეადგინა. სხვა სექტორების საგარეო ვალი ოპერაციული, საკურსო და ფასის ცვლილებების გამო, შესაბამისად, 43.5, 16.5 და 3.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა (75.9, 28.9 და 5.4 მლნ ლარი), ხოლო სხვა ცვლილებების შედეგად 3.7 მლნ აშშ დოლარით (6.4 მლნ ლარით) გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში, უცხოური კომპანიათაშორისი სესხები 8.3 მლნ აშშ დოლარით (14.5 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან საკურსო და ოპერაციული ცვლილებების შედეგად კლებამ, შესაბამისად, 10.9 და 4.9 მლნ აშშ დოლარი (19.1 და 8.6 მლნ ლარი) შეადგინა, ხოლო სხვა ცვლილებების შედეგად ზრდამ 7.5 მლნ აშშ დოლარი (13.1 მლნ ლარი).
საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალდებულე¬ბების მოცულობა 47.6 მლნ აშშ დოლარით (83.0 მლნ ლარით) შემცირდა და 12.3 მლრდ აშშ დოლარი (21.6 მლრდ ლარი) შეადგინა. ხოლო ეროვნული ვალუტით დენომინირებული ვალის მოცულობა 2.0 მლნ აშშ დოლარით (3.4 მლნ ლარით) შემცირდა და 827.3 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი) შეადგინა.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 8.2 მლრდ აშშ დოლარი (14.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს 49.6 პროცენტია; აქედან, წმინდა სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 3.1 მლრდ აშშ დოლარი (5.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.9 პროცენტი), ხოლო კერძო სექტორის წმინდა საგარეო ვალმა - 5.1 მლრდ აშშ დოლარი (8.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 30.7 პროცენტი).