ჟურნალი "სარკე" ვარკეთილში მოკლული 19 წლის დავით ხარაზიშვილის დედის, ხათუნა ელიზბარაშვილის ინტერვიუს აქვეყნებს. დედისთვის ის ერთადერთი შვილი იყო. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან.
***
- ამ საშინელი მკვლელობის შემდეგ გავრცელდა ამბავი, რომ გოგონას თქვენი ბიჭი უყვარდა, მას - არა, ამიტომაც ნათიამ სახლში თქვა, რომ დათომ გააუპატიურა და მისმა ოჯახის წევრებმა შური იძიეს. თქვენ იცით ამ ვერსიის შესახებ?
- დიახ, ექსპერტიზამ ძალადობის არანაირი კვალი არ დაადასტურა. ძალადობაც რომ ყოფილიყო, მშობელი მოსულიყო, ნორმალურად დამლაპარაკებოდა და ამისთვის ჩემს შვილს ნამდვილად არ მოვაკვლევინებდი, იმ გოგოს სახლში დავისვამდი.
- იცოდით ამ გოგოს არსებობის შესახებ, თქვენი შვილი მასზე გიყვებოდათ?
- ეს გოგო გაზაფხულზე თუ ზაფხულში გაიცნო. მითხრა, 15 წლის ბავშვია და გაზრდის თავი არ მაქვსო. იმ გოგოს რომ უყვარდა, ეს ვიცოდით. დათოს საიმისოდ იწვევდა, რომ ენახა, შეხვედროდა. ბოდიში ამ სიტყვაზე, მაგრამ თავის შემოსაღება უნდოდა. სხვა დასკვნამდე ვერ მივდივარ. დათო ოჯახის შექმნაზე არც ფიქრობდა. ყველაფერი ამ გოგოს ბრალია. ამიტომ მარტო მამის კი არა, ყველას დასჯას ვითხოვ. სამივენი, მამაც, ბიძაც და ბაბუაც თანამონაწილეები არიან. ეს დანაშაული ერთად ჩაიდინეს. ეს განზრახ ჩადენილი მკვლელობაა.
საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს და არა - 109-ე მუხლით. მკვლელობა ჯგუფურია. სამივე მათგანი მკვლელობაში მონაწილეობდა. ანაბეჭდები აღებულია, მანქანა პოლიციის შენობიდან ჯერ არ გამოგვიყვანია. ახლა იმასაც ამბობენ, ის გოგო არასრულწლოვანია და დასჯა შეუძლებელიაო, მაგრამ ასეთ რაღაცას რომ აკეთებდა და ჩემს შვილს სასიკვდილოდ იმეტებდა, ამას გამართლება აქვს? მაშინ 15 წლის არ იყო? მისი არასრულწლოვანი ენით და წაქეზებით მოხდა ჩემი შვილის მკვლელობა. 15 წლის გოგო სიყვარულზე, სქესობრივ კაშვირსა და ოჯახზე უნდა ფიქრობდეს თუ წიგნზე?!
ამ გოგომ ძალიან კარგად იცოდა, მამამისი ვინ იყო. ასეთი რამ როგორ უთხრა? იმ მამასაც 13 წელი ცოლ-შვილი არ აინტერესებდა და უცებ ამ ცრუ ინფორმაციით დაინტერესდა? ჯერ ოჯახში მოსულიყო, ეკითხა. იმასაც არ გამოვრიცხავ, კარი რომ გამეღო, ჩემთვისაც დაეშავებინა რამე და ბავშვის გვამი საძებარი გამხდომოდა. დედამისის დასჯასაც მოვითხოვთ, რადგან მან დაურეკა ყოფილ ქმარს და შვილის ნათქვამით გააღიზიანა. მათ კი დათოს დასჯა მოინდომეს.
როგორც გავიგეთ, გოგონას უთქვამს, რომ დათოს სახლში ძალით მოჰყავდა და აქ აუპატიურებდა. ეს სრული აბსურდია! ჩვენს სახლში ვიღაც მუდმივად არის, ოჯახის წევრები, დათოს მეგობრები, ჩემი შვილი ღამით არასდროს დარჩენილა მარტო.
- თქვენს შვილს "ფეისბუქზე" მეგობრისთვის მიუწერია, ვიღაცეები მოსაკლავად დამდევენ, თუ მოვკვდი, ლამაზად უნდა მოვკვდეო.
- ამ ბოლო დროს სულ შავ ტანსაცმელს იცვამდა. ალბათ წინათგრძნობა ჰქონდა. სახლშიც შავი საძინებელი გვაყიდვინა. ბოლო პერიოდი შიგნიდან რაღაცნაირად არეული იყო, მაგრამ წინასწარ ვინ რა იცის, რა ელის. რამე პრობლემა რომ ჰქონოდა, მის მეგობრებს აუცილებლად ეცოდინებოდათ. ჩვენს სახლში სულ დათოს მეგობრები იყვნენ, არც ერთმა მათგანმა არაფერი იცოდა. დათო ჩემს დასთან ძალიან მეგობრულად იყო, რამე რომ ყოფილიყო, აუცილებლად ეტყოდა.
ეკა ლემონჯავა
ჟურნალი "სარკე"