მოცეკვავის ამპლუაში ნოდიკო ტატიშვილის ნახვა, ალბათ, ბევრისთვის მოულოდნელობა იყო, რადგან თვითონ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არ აღიარებდა, რომ ცეკვის ნიჭი ჰქონდა. თუმცა, მან ნამდვილად შეძლო "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მაყურებლის გაოცებაც და ფინალში გასვლაც. პროექტისა და ჯულიანა ბარგნართან ურთიერთობის შესახებ მომღერალი ჟურნალ "თბილისელებს" ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს ფრაგმენტს.
ნოდიკო ტატიშვილი: სიმღერის კონკურსზე ბევრჯერ ვყოფილვარ - ამ კუთხით დიდი გამოცდილება მაქვს, სიმღერის დროს იცი, რა და როგორ უნდა გააკეთო და მთელი სადავეები შენს ხელთ არის. "ცეკვავენს" რაც შეეხება, სრული დილეტანტი ვარ და სადავეები მთლიანად ჯულიანას უჭირავს, კარგად მმართავს, თან, ისე მაგრად აქვს მოჭერილი... ჯულიანა რომ არ ყოფილიყო, ვერც ასე ვიცეკვებდი, სურვილიც არ მექნებოდა, ბევრი მემუშავა და ასე მომემზადებინა მაგარი ცეკვები. ძალიან კარგია, როდესაც შენი მეგობარია, რომელიც გიხსნის ყველა კომპლექსს, მაგრამ, გეჩხუბება კიდეც. ისე საყვარლად ჩხუბობს, მეცინება, ცუდად მხდის, ვბჟირდები და მერე, მე რომ მეცინება, იმაზე ბრაზდება. ჩხუბიც არ შეუძლია, ამას ჰქვია ცოტა ნერვული ალაპარაკება. კრიმინალურს კი არ ვაკეთებ რამეს, უბრალოდ, უფრო მეტი პრეტენზია აქვს - უფრო მეტი მოგეთხოვებაო. ჟიური რომ გადარეულა და ჩამოხოკილა, ჯულიანას მაინც არ უთქვამს - მაგარი იყოო. ერთხელ მითხრა: იმიტომ არ გეუბნები საქებარ სიტყვებს, სტიმული რომ არ დაკარგოო. ნახევარფინალის წინ კი მითხრა: შენ ღირსი ხარ, ფინალში გადახვიდე და, გაიმარჯვოო. მისი შეფასება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არასდროს მძაბავს, მაგრამ, სულ მოჭიმული ვარ, მაგარია!
- თურმე ქალის ჭკუაზე სიარული არ ყოფილა ცუდი.
- მშვენიერია. საერთოდ, არ მიყვარს ქალის ჭკუაზე სიარული, მაგრამ ახლა, სამი თვეა, დავდივარ ქალის ჭკუაზე. ჯულის არ ახსოვს, მეთქვას: ვერ მოვალ, არ მცალია ან ადრე გამიშვი-მეთქი... ჩველუბრივად "დაჩმორებული" ვყავდი.
- ჯულიანას კი კარგად უწევ პარტნიორობას, ისე გენდობა და ისეთ რაღაცეებს აკეთებს, ბევრ პროფესიონალ მოცეკვვეს გაუჭირდება მისი მეწყვილეობა.
- ჯულიანა საერთოდ მაგიჟებს, ისეთ რაღაცეებს აკეთებს. იცი, ეთერის დროს როგორ გადაწვება ხოლმე? იატაკზე ადებს ლამის თავს და, მინდა, იმ წამის მეათასედში მოვკლა, დავუყვირო - სად მიდიხარ-მეთქი. ჯულიმ იცის ჩემი პასუხისმგებლობის ამბავი, მანამდე ეს ყველაფერი გამაკეთებინა და არცერთხელ რომ არ ჩამომივარდა, მიხვდა, რა შემიძლია.
- ჯულიანა ვისთანაც ცეკვავდა, ყველასთან დააწყვილეს, თქვენზე კი ნაკლებად ჭორაობენ.
- ჩვენზეც გავიგე რაღაცები. დღეს ვისთანაც არ უნდა დამინახონ, ყველაზე იეჭვიანებენ - ასეთი ერი ვართ. ჩემზე და მარიამზე უფრო ჭორაობდნენ მთელი პროექტის განმავლობაში, დღემდე ბევრს ჰგონია, რომ შეყვარებულები ვართ. ჯულიანას შეხედეთ, რა სილამაზეა და, თანაც, იმ რამდენიმე წუთში უნდა აჩვენო ნატურალური ემოცია, რომელიც უნდა ითამაშო, გაიჩინო - ეს აძლევს ცეკვას სრულყოფილებას. გოჩამ "რუმბაზე" რომ გვითხრა მე და ჯულიანას: რომ არ ვიცოდე, მეგობრები ხართ, ვიფიქრებდი, ერთმანეთზე გიჟდებითო. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება. მე მართლა მიყვარს ჯულიანა, დიდ პატივს ვცემ, აბსოლუტურად განსხვავებული გოგონაა: სერიოზული, არ უყვარს ზედმეტი ლაპარაკი, ჭორაობა, ასეთი გოგონა ბევრი არ შემხვედრია.
- პროექტამდე შენს ცხოვრებაში არსებობდა ერთი კარგი გოგონა და, იმედია, ამ პროექტმა, შენმა მოუცლელობამ, არ შეუშალა ხელი თქვენს ურთიერთობას.
- პროექტმა ბევრ რაღაცაში შემიშალა ხელი, მაგრამ, ურთიერთობის მხრივ არაფერი შეცვლილა, რეალურად ყველაფერი ისევ ისეა. ჩემი ეს ამპლუა დედაჩემისთვისაც აღმოჩენა იყო, რომელმაც გამაჩინა და გამზრადა. სხვებისთვისაც აღმოჩენა იყო, ვერ დავაფიქსირე ადამიანი, ვინც მეტყოდა - შენი იმედი მქონდა, რომ კარგად იცეკვებდიო. პირველი ცეკვის მერე ყველა შოკში იყო. ისე, მეცეკვა მანამდე!
ნათია უტიაშვილი
ჟურნალი "თბილისელები"