ბათუმში, ღამის კლუბ "ლეგასში" მომხდარი სროლის შედეგად მოკლულ პოლიციელს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 22 წლის უმცროს-ინსპექტორი თარაშ მუკბანიანი ბათუმის ცენტრში კამოს ქუჩაზე საკუთარ საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული. როგორც ნათესავები აცხადებენ, თარაშს დედა ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა, რასაც ძალიან განიცდიდა. მუკბაიანების მეზობლები აცხადებენ, რომ თარაში პასუხისმგებლიანი, კეთილი და სათნო ადამიანი იყო. როგორც "ამბები.გე"-სთვის გახდა ცნობილი, თარაშ მუკბანიანი თავისივე იარაღით თავის არეში სასიკვდილოდ დაჭრეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ის სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტში და ეკლესიაში სტიქაროსნად მსახურობდა. 2011 წელს თარაშ მუკბანიანმა შექმნა ოჯახი და მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, მკვლელობა გუშინ, გვიან ღამით, ღამის კლუბ "ლეგასში" მოხდა. არსებული ინფორმაციით, თარაშ მუკბანიანი 31 წლის რამაზ დევაძემ მოკლა.
სროლის შედეგად სულ ოთხი ადამიანი დაიჭრა. როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ გიორგი კიკაბიძემ განაცხადა, ღამის 02:00 საათზე საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ოთხი დაჭრილი და ერთი გარდაცვლილი მიიყვანა. გიორგი კიკაბიძის განმარტებით, თურქეთის ორ მოქალაქეს ქვედა კიდურებზე ჰქონდა სხვადასხვა სახის ჭრილობები, ხოლო საქართველოს ორ მოქალაქეს ჭრილობები ჰქონდა მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღით.
გიორგი კიკაბიძე აცხადებს, რომ დაჭრილებს შესაბამისი დახმარება გაეწიათ და გაეწერნენ ამბოლატორულ მკურნალობაზე.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დღეს შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1983 წელს დაბადებული რამაზ დ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უმცროს-ინსპექტორის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.
როგორც "ამბები.გე"-ს შსს-დან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ 27 დეკემბერს, ღამის საათებში, ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უმცროს ინსპექტორს, 1992 წელს დაბადებულ თარაშ მ-ს, რომელიც არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.
მათივე ინფორმაციით, თარაშ მ. მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო რამაზ დ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს. სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი და მასრები ნივთმტკიცების სახით შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).
ნინო ხოზრევანიძე