თავდაცვის მინისტრის კომენტარი გადადგომის მოთხოვნაზე

თავდაცვის მინისტრის კომენტარი გადადგომის მოთხოვნაზე

"ნაციონალური მოძრაობის" სურვილების დაკმაყოფილებას არ ვაპირებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ განუცხადა, რითაც მისი გადადგომის თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა.

მინისტრის განმარტებით, ყველა, ვინც შესაბამისი განცხადების გავრცელებით შეცდომა დაუშვა, "თავისი დოზის და ხარისხის შესაბამისად აგებს პასუხს".

"ჩემი გადადგომის თაობაზე მოთხოვნა არის "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნა და მე მისი სურვილების დაკმაყოფილებას არ ვაპირებ. რაც შეეხება განცხადებას, ყველა, ვინც შეცდომა დაუშვა, თავისი დოზისა და ხარისხის შესაბამისად აგებს პასუხს. თუ ვინმეს უნდა ვიღაცის დახვრეტა, ეს ასე ნამდვილად ვერ იქნება", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ. მისივე ინფორმაციით, ტექსტის მომზადების პროცესში თავად "სამუშაო ადგილზე არ იმყოფებოდა".

თავდაცვის მინისტრი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.

"ყოფილმა პრეზიდენტმა არასწორი განცხადება გააკეთა, რომელშიც ის მოუწოდებს ჩვენს ჯარისკაცებს, შეწყვიტონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახური და წავიდნენ სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში. ეს არის უპასუხისმგებლო და ეროვნული ინტერესების საზიანო განცხადება. ვფიქრობ, ის ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა უნდა დაგმოს. რაც შეეხება კონკრეტულად უკრაინას, ის რა თქმა უნდა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. უკრაინელი ხალხი ჩვენი მოძმე ხალხია. მათ მხარდაჭერა და დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ, მაგრამ სწორი ფორმები და მექანიზმები უნდა იყოს შემუშავებული, რათა ამან არ დააზიანოს ჩვენი ეროვნული ინტერესები", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა