უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებზე სამუშაოდ პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნება, - ამის შესახებ "ექსპო-ჯორჯიაში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, მთავრობა დაზარალებულებს მაქსიმუმ თებერვალმდე წარუდგენს გეგმას, თუ როგორ მოხდება სამართლიანობის აღდგენა და მათი კომპენსირება.
"ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ შევისწავლეთ ყველა ის განაცხადი, რომელიც ოფიციალურად შევიდა პროკურატურაში და რომელიც უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას, ბიზნესებს, ასევე იმ რეპრესირებულ ადამიანებს უკავშირდებოდა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ უკანონოდ იხდიდნენ სასჯელს ციხეეებში, რომ იყვნენ მსხვერპლნი წამების, არაადამიანური მოპყრობის, გაუპატიურების. პროკურატურამ დაასრულა ყველა ამ განაცხადის შესწავლა. მაქსიმუმ თებერვლამდე ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდება სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყება და დასრულება, როგორ მოხდება კომპენსირება. პროკურატურაში შეიქმნება სპეციალური დეპარტამენტი, ან სამმართველო ქონებების დაბრუნებასთან დაკავშირებით. ეს იქნება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, საქმე, რომელიც ამ ორი წლის განმავლობაში პროკურატურამ გასწია, შრომატევადი იყო.
"საკმაოდ შრომატევადი იყო ის საქმე, რომელიც ამ წლების განმავლობაში პროკურატურამ ჩაატარა, რისთვისაც მინდა მათ მადლოიბა გადავუხადო", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.