საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულპირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს აქვს მკაფიო პოზიცია, რომ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარებს არ გააკეთებს, სანამ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ალექსანდრე გრიგოლაშვილს არ დაკრძალავენ. ამის შესახებ სოზარ სუბარმა "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.
"მას აქვს მკაფიო პოზიცია, რომ ის კომენტარს არ გააკეთებს მანამ, სანამ ქართველი ოფიცერი, რომელიც უკრაინიდან ჩამოასვენეს, არ იქნება დასაფლავებული. მას მიაჩნია, რომ ზედმეტი ხმაური იქნება იმ ადამიანისთვის შეურაცხმყოფელი. ეს არის მისი პოზიცია. მე ვკითხე და თვითონ ეს პოზიცია დააფიქსირა და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მის ამ განწყობას", - განაცხადა სუბარმა.
რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სოზარ სუბარი ამბობს, რომ ეს იყო არასწორი და ეს თქვეს პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის სამინისტრომ და უმრავლესობის წევრებმა.
რაც შეეხება ალექსანდრე გრიგოლაშვილის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის მოთხოვნას, სუბარის განცხადებით, საძმო სასაფლაო არის მათთვის, ვინც ქვეყნის ტერიტორიული მთალიანობისთვის ბრძოლას შეეწირა. "მე მგონი ძალიან არევას ვაკეთებთ. ეს ბრძოლა მართალია საქართველოსთვისაც არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ არ ჩავრეულვართ ამ ბრძოლაში ოფიციალურად", - დასძინა სოზარ სუბარმა.