რუსთაველის თეატრში ანა კალანდაძის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა, სადაც ''ქართული ხმებიც'' მღეროდა. სწორედ იქ შევხვდით დათო არჩვაძეს და ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ.
- დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ტრადიციებს და ტრადიციულ ადამიანებს. ამა თუ იმ ტრადიციამ შემოინახა სხვადასხვა ქვეყნის კულტურა, ხასიათი, თვითმყოფადობა. აუცილებელია, ადამიანი გარკვეული დოზით დაემორჩილოს ტრადიციებს.
- რომელი ტრადიცია მიგაჩნიათ დრომოჭმულად?
- დღევანდელი გადმოსახედიდან ბევრი რამ ზედმეტად მეჩვენება, თუნდაც იმიტომ, რომ ცხოვრება შეიცვალა და დრომ მოიტანა ეს ყველაფერი. მოგეხსენებათ, მთელი ცხოვრება ქართულ სიმღერასთან პირდაპირი კავშირი მაქვს, მეტიც, ვსუნთქავ და ვცოცხლობ ქართული სიმღერით, შესაბამისად, სცენის, ურთიერთობის, სუფრის ტრადიცია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, სუფრაზე უკვე ბევრი რამ მაღიზიანებს, რა საჭიროა ამდენი ყანწით, ვედროთი და ლამპის შუშით დალევა, როცა შეიძლება, პატარა ჭიქით, ლამაზად, ისე ჩაატარო საღამო, რომ არც გადათვრე, აზრი ჰქონდეს შენს იმ სუფრაზე ყოფნას, მეორე დღეს გახსოვდეს, სად იყავი და ის დღე იყოს შენთვის დაუვიწყარი. ჩვენს ქვეყანაში სუფრის კულტურა მაღალ ხარისხში იყო აყვანილი.
- თამადა, გაუთავებელი სადღეგრძელოები ხშირად გამაღიზიანებელიცაა.
- ძალიან დიდი მნიშვნლეობა აქვს, ვინაა თამადა, მან ძალიან დოზირებულად უნდა წარმოთქვას სადღეგრძელო და თავი არ უნდა მოაბეზროს სუფრის წევრებს. ჩვენი მეგობრის ბებიის ქელეხში თამადამ ისე კარგად წაიყვანა სუფრა, ყველა პირდაღებული უსმენდა, მიუხედავად იმისა, რომ ჭირის სუფრა იყო. მაგალითად, დათუნიკა სხირტლაძემ, რომელიც, ჩემდა საამაყოდ, რაჭის წარმომადგენელია, ქორწილის სუფრა ისე ჩაატარა, წვეთი არ დაულევია, არაჩვეულებრივი საღამო აჩუქა ადამიანებს.
- რაც შეეხება სტუმარმასპინძლობას, მოულოდნელი სტუმარი, რიგ შემთხვევებში დისკომფორტის საფუძველი ხდება?..
- საზღვარგარეთ თუ გინდა სტუმრად მიხვიდე, ერთი კვირით ადრე უნდა შეუთანხმდე და გააფრთხილო, ჩვენთან კი ასე არ ხდება. ჩემი აზრით, ადამიანმა ორი დღით ადრე მაინც უნდა გაგაგებინოს, რომ შენთან სტუმრობას აპირებს, ჯერ ერთი, დროის ფაქტორის გამო და მეორეც, სტუმარს გინდა, ღირსეულად დახვდე და პატივი სცე. თორემ, სპონტანურად მოსული სტუმრებიც ძალიან მიყვარს, მთავარია, ასეთ დროს გასაქცევი არ იყო და გეცალოს.