დალი ჩიტალაძე თბილისში გემოვნებიანი ქალბატონების ნუსხაშია, ამასთან, მას მოდის ექსპერტსაც უწოდებენ, ვინაიდან წარსულში მაღალი მოდის სამყაროსთან ჰქონია (ვერსაჩეს სახლში მუშაობდა) და აქვს შეხება. მოკლედ, მას 2015 წლის მოდის ტენდენციებზე გავესაუბრეთ, თუ რას გვპირდება და გვთავაზობს ამ მიმართულებით მომავალი წელი, რა ტენდენციები იქნება მოდაში და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება.
- ზამთარია და გაზაფხულამდე ჯერ კიდევ წინ მთელი პერიოდია - ორი თვე, ასევე, წინ ახალი წელი გვაქვს და ესეც უნდა გავითვალისწინოთ. საერთოდ, როგორი მოდაც არ უნდა იყოს, ახალი წლის ღამეს ძალიან მიყვარს რაღაც ახლის ჩაცმა. ასეა ხოლმე, ყოველთვის ახალი წელი და დაბადების დღე ჩემთვის რაღაც ახლის სათავე, ათვლის წერტილია. ამიტომ, ყველას ვურჩევდი, სამოსში რაღაც პატარა სიახლე მაინც შეიტანონ, რომ ცოტათი მაინც გაახალისონ ჩაცმულობა.
- რაც შეეხება ფერს?
- მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგები გვეუბნებიან, - 2015 ლურჯი ცხვრისა თუ თხის წელიწადიაო, რომელსაც დიდად არ მივდევ, მიმაჩნია, რომ ლურჯი დეტალის შეტანა სამოსში, ურიგო არ იქნება. კარგია ასევე თეთრ ან კრემისფერ ქვედაბოლოზე...
- ასტროლოგების რჩევები გასათვალისწინებელია, მაგრამ მოდა თავისას მოითხოვს...
- მთელი ზამთარი მოდაშია და ჯერ არ გადასულა თეთრი ფერი, ის ზამთარსაც უხდება. ნუ ჩავიცვამთ შავ სამოსს. ვეცადოთ, ღია, პასტელური ფერები შევარჩიოთ: რუხი, თეთრი, ღია ან ჭუჭყიანი ცისფერი და ვარდისფერი, - უმზეო და ცივ პერიოდს ძალზე ამშვენებს. ამასთან, ნათელი ფერები ყოველთვის სასიხარულო, კარგ განწყობას შეგიქმნით და თანაც, მოდაშია. რაც მთავარია, არ დაგავწყდეთ, პატარა ტენდენციური დეტალიც, რომელიც აუცილებლად უნდა შეიტანოთ თქვენს გარდერობში. მოდაშია, მაღალწელიანი შარვლები, ქვედაბოლოები და ეს გაითვალისწინეთ.
- რაც შეეხება ფეხსაცმელს?
- მოდა ყოველთვის ლიბერალურია და ამიტომ მოდაშია წვეტიანი, მრგვალცხვირიანი, წვრილქუსლიანი თუ მსხვილქუსლიანი ფეხსაცმელი და ფეხსაცმელი პლატფორმის ძირებზე. მოკლედ, ყველანაირი, ანუ აქედან თავს რაშიც კომფორტულად იგრძნობთ, ის ჩაიცვით. ამ სეზონზე შეგიძლიათ წვეტიანი ფეხსაცმლის ჩაცმა, "ლოდოჩკებს" რომ ვეძახით, აქტუალურია და მოდაშია და გაზაფხულზეც დარჩება. ძალიან კარგია თუ თქვენს გარდერობში არსებულ ფეხსაცმელს ეს დეტალი ექნება...
ყოველთვის ელეგანტრობის მომხრე ვარ და მით უმეტეს, ქალბატონებს შავი კაბა და შავი "ლოდოჩკა" ძალიან უხდებათ და ის ყველა დროში უკვდავია.
- მოდის მთავარ "შეძახილად" 2015 წელს რა შეიძლება ჩაითვალოს?
- ბოლო 10-11 წელია, გამოკვეთილი დეტალები მოდაში დიდად აღარ არის. მოდა სულ ბრუნავს. ამიტომ, უნდა მოვუფრთხილდეთ ხარისხიან, მოდურ ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს, მოდა რომ მობრუნდება, გამზადებულები დავხდებით.
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის