მე რომ გამოცდები მეწყება, ერთნაირად ვიწყებთ ბუზღუნს მეც და დედაჩემიც, თუმცა მიზეზები განსხვავებული გვაქვს - მე იმიტომ, რომ ბევრი სამეცადინო მიგროვდება, დედაჩემი კი იმიტომ, რომ სახლის საქმეების კეთება მარტოს უწევს. მდგომარეობა კიდევ უფრო "რთულდება", როცა რომელიმე დღესასწაული ახლოვდება. მოგეხსენებათ, ასეთ დროს როგორი "გენერალური ფუსფუსი" იწყება ხოლმე სახლებში. ამ შემთხვევაში ჩემი ოჯახიც დანარჩენ ქართულ ოჯახებს ძალიან ჰგავს.
ახალი წელი ახლოვდება. შესაბამისად, იმატა საღამოობით სამსახურიდან დაბრუნებული დედაჩემის წუწუნმაც - მალე მოვრჩე მეცადინეობას და მივეხმარო. ვიცი, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს და თავით ვეშვებით "წინასაახალწლო ორომტრიალში".
ჩვენთან, ალბათ სხვების მსგავსად, სამზადისის პირველი ნაწილი სახლის მოწესრიგებაა: ფანჯრების გაწმენდა, ფარდების გარეცხვა-გაუთავება, ჭაღების გაწმენდა, ხალიჩების გასუფთავება, ჭერიდან აბლაბუდების ჩამოწმენდა... ჰო, რაც ყველაზე მთავარია, იმ ჭურჭლის მტვრისგან გაწმენდა, რომელსაც არასოდეს ვიყენებთ - შუშებიან კარადაში დაწყობილი "სერვიზის ჭიქები". ჩემთვის გაუგებარია, რისთვის ვინახავთ ამდენ ლამაზ, ძვირფას ჭურჭელს ასე ხელუხლებლად. ჩემგან განსხვავებით, დედას ძალიან მოსწონს. ამ "უსარგებლო" ჭურჭლის არსებობა მხოლოდ მაშინ მიშლის ნერვებს, როცა დედაჩემი მათ გადმოლაგებას და გაწმენდას იწყებს. საამისოდ ახალი წელი მშვენიერი მიზეზია.
სახლის მოწესრიგების შემდეგ, მომდევნო ეტაპი მისი საახალწლოდ მორთვაა. მთელ ამ სამზადისში ეს ნაწილი ყველაზე სახალისოა, მაგრამ დაწყება მაინც გვეზარება ხოლმე. დედის დაჟინებით, ჩვენი უზარმაზარი ნაძვის ხე სათავსოდან გამოგვაქვს და მის მორთვა-გალამაზებაში მთელი ოჯახი ვიღებთ მონაწილეობას. ახალი წლის დადგომამდე კი ერთ-ორ ახალ სათამაშოს კიდევ შემატებს ხოლმე დედა.
საახალწლო სუფრა - ეს ის თემაა, რომელზეც ყოველ წელს ვდავობთ. ჩემი და ჩემი დის მცდელობა- ბევრი არაფერი გავამზადოთ - წარუმატებლად სრულდება და დედა იმარჯვებს. თუმცა მას რომ ჰკითხოთ, ყოველ წელს ერთნაირად გიპასუხებთ: "ამჯერად ბევრს არაფერს გავაკეთებ". ჯერ კიდევ ორი კვირით ადრე იჭერს თადარიგს და კაკალს ამტვრევს, არჩევს და ახარისხებს- გოზინაყისთვის, საცივისთვის, სალათებისთვის... აქვე თავს იჩენს ერთი საკითხი: ჩვენი ოჯახის ზოგიერთი წევრი მარხვაზეა, ზოგი კი- არა. დედაც საახალწლო სუფრას ერთნაირად ამდიდრებს სამარხვო და არასამარხვო საჭმელებით.
ნელ-ნელა ყიდულობს საახალწლო შუშხუნებს, ასაფეთქებლებსა და ფეიერვერკებს. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ჩვენი სახლის აივანი ახალი წლის ღამეს ათას ფერად ინთება.
რა თქმა უნდა, არ ავიწყდება მთელი ამ სამზადისის დასკვნითი ნაწილიც - საჩუქრები. მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი და-ძმა დიდი ხანია გავიზარდეთ და თოვლის ბაბუის არარსებობასაც შევეგუეთ, ჩვენთვის საჩუქრების ყიდვა ისევე უხარია, როგორც ადრე. ცხადია, არც მამას ტოვებს უსაჩუქროდ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ერთად ყოფნის პერიოდი უკვე 20-ზე მეტ წელს ითვლის.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ახალი წელი თოვლის პაპას კი არა დედას მოჰყავს.
მარიამ დემეტრაშვილი
AMBEBI.GE
გამოყენებულია Herluf Bidstrup-ის ფოტოკომიქსი