სერიალ"ჩემი ცოლის დაქალების" მიმდინარე სეზონს თინა, იგივე მაკა ძაგანია, გამოეთიშა. მიზეზი საპატიოა - მაკა გათხოვდა და შვილი გააჩინა. მისი მეუღლე მსახიობი გიგა ცერცვაძეა, რომელთანაც 16 ნოემბერს პატარა გიორგი შეეძინა. მაკას ასევე ჰყავს 15 წლის შვილი ნუცი. ოჯახზე, შვილებსა და სერიალში დაბრუნებაზე მაკას ვესაუბრეთ.
- მაკა, რაც შეეხება სერიალს, შიგადაშიგ ვხედავთ შენს პერსონაჟს, რომელიც ხან"სკაიპით" და ხან ტელეფონით ერთვება, მაგრამ სრულად დაბრუნების საკითხი როგორ დგას?
- სანამ გიორგის გავაჩენდი,"სკაიპის" სცენები მანამდე უნდა ჩაწერილიყო, რადგან 23-ში უნდა მემშობიარა, დრო მქონდა გადაღებისთვის, მაგრამ როგორც უკვე გითხარი, 18-ში დამეწყო მშობიარობა და ვეღარ გადავიღე. მერე ისე გამოვიდა, რომ ერთი კვირის მყავდა გიორგი, როცა გადაღებაზე მივედი. დაბრუნების საკითხი ჩემზე არაა დამოკიდებული, თუმცა მე ძალიან მინდა, ეს გმირი ჩემთვის ძვირფასია. როცა ამ თემაზე ვილაპარაკეთ, იდეის დონეზე ითქვა, თებერვლიდან რომ განახლდება სერიალი, თინა ისევ იქნებაო, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
- ამბობდნენ, სერიალის ავტორები გაგიბრაზდნენ, ფეხმძიმობა რომ დამალე.
- ჩემთვის არავის უსაყვედურია. ჩემს ორსულობას სეზონის ბოლომდე ხელი არავისთვის შეუშლია, ბოლოს ცოტა კი მეტყობოდა მუცელი, მაგრამ ისე ვიცვამდი, ვინც არ იცოდა, ვერ ხვდებოდა, ამბობდნენ, თინამ ცოტა მოიმატაო. შეიძლება, მეექვსე სეზონში სხვა რაღაც ჰქონდათ დაგეგმილი და სხვაგვარად უნდოდათ მოვლენების განვითარება, მაგრამ ჩემთვის პრეტენზია არავის წამოუყენებია, გაბრაზებაც არ მიგრძნია...