უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის ბლოკგარეშე სტატუსი გააუქმა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს 300 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. liga.net-ის ცნობით, კანონი ითვალისწინებს საგარეო და საშინაო პოლიტიკის თაობაზე დამატებით კანონებს, ასევე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლებზე ნატო-სთან ურთიერთობის გაღრმავებას იმ კრიტერიუმების მისაღწევად, რომელიც აუცილებელია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად.
უკრაინის უმაღლესმა რადამ 2010 წლის 1 ივლისს მიიღო კანონი "საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრინციპების" შესახებ, რომელიც ბლოკგარეშე სტატუსს ითვალისწინებს, რაც უკრაინის ნებისმიერ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირში გაწევრიანებაზე, კონკრეტულად ნატო-ში ინტეგრაციაზე უარს ითვალისწინებს. რუსეთის პრემიერმა გუშინ "ფეისბუქით" გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინა რუსეთის პოტენციური სამხედრო მოწინააღმდეგეა, თუ ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადს გააკეთებს.
"რუსეთს მოუწევს ამაზე რეაგირება", - დაწერა დიმიტრი მედვედევმა.